ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუმ და მისმა პარტნიორმა პარტიებმა გაიმარჯვეს

ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 97% დაითვალა და სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდი" და მისი პარტნიორები მემარჯვენე-რელიგიური ბანაკიდან, სამთავრობო კოალიციიის შექმნას შეძლებენ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 101 766 ხმა დაითვალა.

ოფიციალური შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 120 მანდატიდან 65 მანდატს მოიპოვებს. შედეგები შესაძლოა შეიცვალოს, რადგან ჯერ კიდვ არ არის დათვლილი სამხედროების, პატიმრების და დიპლომატების საარჩევნო უბნები.

ამ მონაცემებით, ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდი" პირველ ადგილზეა და 31 მანდატს მოიპოვებს. მოქმედი პრემიერის იაირ ლაპიდის პარტია მეორე ადგილზეა 24 მანდატით. მას მოსდევს ულტრანაციონალისტური, ქსენოფობიური პარტია "რელიგიური სიონიზმი", რომელმაც 14 მანდატი მოიპოვა.

12-12 მანდატი აქვს მოქმედი თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის პარტია "ეროვნულ ერთიანობას" და სეფარადი ულტრა-ორთოდოქსი ებრაელების პარტია "შასს".

8 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა აშკენაზი ულტრა-ორთოდოქსი ებრაელების პარტია "გაერთიანებული თორას იუდაიზმმა".

5-5 მანდატი აქვთ მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ავიგდორ ლიბერმანის პარტია "ისრაელ ბეითენუს" და არაბულ პარტია "რაამს".

მემარცხენე-ცენტრისტულ პარტია "ავოდას" კი 4 მანდატი აქვს.

3.25%-იან ბარიერთან ახლოს არის ულტრამემარცხენე პარტია "მერეცი", რომელსაც ამჟამად 3.2% აქვს.

მესამე არაბულმა პარტიამ, პალესტინურმა ნაციონალისტურმა "ბალადმა" ხმების 3.04% მიიღო და ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებს.

თუ "მერეცი" და "ბალადი" ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებენ, ნეთანიაჰუს კოალიციის შექმნა გაუმარტივდება.

კონტექსტი

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერი 14 წლის განმავლობაში (1996-99; 2009-21 წლებში) იყო. პრემიერ-მინისტრის პოსტი მან 2021 წლის ივნისში ისრაელში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად დათმო. თუმცა მისი წასვლის შემდეგ შექმნილი 8 პარტიისგან შემდგარი, ეკლექტური კოალიცია 1 წელიწადში შიდა უთანხმოებების გამო დაიშალა და ისარელში ახალი არჩევნები დაინიშნა.

ნეთანიაჰუ მოქმედ მთავრობას ფასების ზრდის, ლიბანთან დადებული სასაზღვრო შეთანხმების, პალესტინის მიმართ გატარებული პოლიტიკის და სამთავრობო კოალიციაში არაბული პარტიის, "რაამის" შეყვანის გამო აკრიტიკებდა.

ყოფილმა პრემიერმა 21 ოქტომბერს, USA Today-თან ინტერვიუში განაცხადა მზადაა განიხილოს უკრაინისთვის იარაღის გადაცემა, თუ ის კვლავ დაიკავებს მთავრობის მეთაურის პოსტს.

მსგავსი სიახლეები