ისრაელთან დიპლომატიური სკანდალის შემდეგ მოსკოვს ჰამასის დელეგაცია ეწვია
ჰამასის ოფიციალური დელეგაცია რუსეთის დედაქალაქს ეწვია, სადაც შეხვედრებს გამართავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლეს წარმომადგენლებთან.
დელეგაცია ჰამასის იმ ლიდერებისგან შედგება, რომლებიც ღაზას სექტორის მიღმა, საზღვარგარეთ საქმიანობენ.
ჰამასსა და ოფიციალურ მოსკოვს შორის ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით კარგი ურთიერთობები დამყარდა. აპრილში პირველად შედგა ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბარი.
პალესტინური მედიის ინფორმაციით, ჰამასის დელეგაციაში შედის ორგანიზაციის პოლიტბიუროს ვიცე-თავმდჯოდარე მუსა აბუ მარზუქი. ასევე, მოძრაობის ლიდერები ფათჰი ჰამადი და ჰუსამ ბადრანი.
არსებული ინფორმაციით, ჰამასის დელეგაცია შეხვდება ვლადიმირ პუტინის მრჩეველს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის საკითხებში მიხაილ ბოგდანოვს. არსებული ინფორმაციით დაგეგმილია შეხვედრები დუმის დეპუტრატებთანაც.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით ჰამასის ლიდერები შესაძლოა ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს, რამზან კადიროვსაც შეხვდნენ. ჰამასის დელეგაცია მოსკოვს ბოლოს გასული წლის დეკემბერში ეწვია.
ეს ვიზიტი განსაკუთრებით საყურადღებოა ისრაელსა და რუსეთს შორის განვითარებული დიპლომატიური სკანდალის შემდეგ, რაც სერგეი ლავროვის ანტი-სემიტურ განცხადებებს მოჰყვა.