იტალიაში 50 წელზე უფროსებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

 

იტალიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 50 წელზე უფროსებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. ქვეყანაში ომიკრონ ვარიანტის გავრცელების ფონზე კორონავირუსის ახალი ტალღაა. 

მთავრობის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ 50 წელზე უფროსმა დასაქმებულებმა დამსაქმებელს თავიანთი მწვანე პასპორტი წარუდგინონ, რაც ნიშნავს იმას, რომ ან უნდა აიცრან, ან კორონავირუსი ცოტა ხნის წინ უნდა ჰქონდეთ გადატანილი. წინააღმდეგ შემთხვევაში თებერვლის შუიდან მუშაობას ვეღარ შეძლებენ.

აქამდე არსებული რეგულაციით, აუცრელებს მუშაობა ყოველ მეორე დღეს ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის შემთხვევაში შეეძლოთ.

სანქციები დაუწესდებათ 50 წელზე უფროს იმ მოქალაქეებსაც, ვინც უმუშევარია.

ახალი რეგულაციები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია. 

ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ომიკრონ შტამის გავრცელებამ კორონავირუსის ახალი ტალღა გამოიწვია. ოთხშაბათს იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 190 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

იტალიაში ვაქცინაციის კამპანია წარმატებული იყო - მოსახლეობის 78% სრულად არის აცრილი.

 

მსგავსი სიახლეები