იტალიის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 58 მიგრანტი დაიღუპა
სამხრეთ იტალიის სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვას 58 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. Reuters-ის ცნობით, 26 თებერვალს, შუა დღისთვის, 81 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 22 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გადარჩენილთა თქმით, გემზე, რომელმაც თურქული იზმირი სამი-ოთხი დღის წინ დატოვა, 140-150 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ავღანეთიდან, პაკისტანიდან და სომალიდან.
კატასტროფა 25 თებერვალს საღამოს აღმოსავლეთ კალაბრიაში, სტეკატო დი კუტროს სანაპიროზე მოხდა. იტალიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ნავი ნაპირიდან რამდენიმე მეტრში კლდეებს დაეჯახა, მასზე მყოფმა ზოგიერთმა ადამიანმა თავის გადარჩენა შეძლო.
ქალაქის მერმა კუტრო ანტონიო ჩერასომ SkyTG25-ს განუცხადა, რომ ხის ნავის ნამსხვრევები ნაპირიდან 300 მეტრში იყო მიმოფანტული, დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვები არიან.
გაზეთი La Repubblica თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ კალაბრიაში ჩაძირულ გემზე დაახლოებით 250 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, მაშველები ადამიანებს რეაქტიული თხილამურებით, თვითმფრინავებითა და წყალქვეშა ნავებით ეძებენ.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ ღრმა სინანული გამოთქვა ტრაგედიის გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავრობა არალეგალური მიგრაციის შეჩერებას გეგმავს, რათა შემდგომი კატასტროფები თავიდან აიცილოს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მონაცემებით, 2014 წლიდან, ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში 20 333 ადამიანი დაიღუპა ან დაიკარგა. მხოლოდ გასულ წელს ეს მაჩვენებელი 2367 ადამიანი იყო.