ჯო ბაიდენის 100 დღე - გიორგი ხატიაშვილის შეჯამება
პრეზიდენტობის 100 დღიანი ფაზის შესაჯამებლად, ჯოზეფ ბაიდენმა კონგრესის გაერთიანებულ სესიას სიტყვით მიმართა. ღონისძიება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა. სხდომას სულ 200 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ამერიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები და გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი. ღონისძიებაზე დასასწრებად, უარყოფითი ტესტის პასუხი ან ვაქცინაციის ცნობა სავალდებულო იყო. 6 იანვრის შტურმის შემდეგ პირველად, წარმომადგენელთა პალატის წევრებს, პრეზიდენტის სიტყვის მოსასმენად, მეტალოდეტექტორში გავლა მოუწიათ.
ვაქცინაცია
პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი გამოსვლა მისი ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი მიღწევით დაიწყო: პირველი ასი დღის განმავლობაში 220 მილიონი დოზა ვაქცინა აითვისეს, როცა ბაიდენის დაპირება მხოლოდ 100 მილიონი იყო. შეგახსენებთ, რომ ყველა ამერიკელს, 16 წელს ზევით, ხელი მიუწვდება ვაქცინაზე. 65 წელს გადაცილებულთა 70% სრულიად აცრილია, ხოლო ასაკოვნებში სიკვდილიანობა 80%-ით შემცირებულია. ბაიდენი საერთაშორისო საზოგადოებას დაპირდა, რომ მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ამერიკა ვაქცინის ექსპორტიორი გახდება, რითაც სხვა ქვეყნებს დაეხმარება.
ეკონომიკა
ბაიდენის მთავარი საკანონმდებლო გამარჯვება 1.9 ტრილიონიანი ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის დამტკიცებაა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის 100 დღიანი მმართველობის პერიოდში, 1.3 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა. მისი ვარაუდით, ამერიკის ეკონომიკა წელს 6%-ით გაიზრდება, ხოლო სტიმულირების პაკეტი სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რიცხვს გაანახევრებს.
პრეზიდენტმა ამერიკულ საზოგადოებას ინფრასტრუქტურის კანონპროექტი წარუდგინა და დამტკიცების შემთხვევაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი სამუშაო ადგილების შექმნის პროგრამა იქნება. კანონპროექტი მიზნად ისახავს ამერიკის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მთლიან განახლებას, რაშიც იგულისხმება პორტები, აეროპორტები, გზები და ხიდები.
გარდა ამისა, განახლება შეეხება ტყვიის შემცველი წყლის მილების მთლიან ჩანაცვლებას, აშშ-ს არაურბანული ნაწილისთვის სწრაფი ინტერნეტის მიწოდებას და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას. ბაიდენმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შექმნილი სამუშაო ადგილების ორ მესამედზე მეტი არ მოითხოვს უმაღლეს განათლებას და დასაქმების შესაძლებლობას მისცემს საშუალო და დაბალი კლასის ამერიკელებს, რაც ამ პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ხაზგასასმელი ასპექტია.
პრეზიდენტს არ დავიწყებია კლიმატის ცვლილებები. მისი თქმით, ამერიკა უნდა გახდეს ლიდერი ელექტრომობილების წარმოებაში, ააშენოს 500,000 ელექტროგასამართი სადგური, ხოლო ქარის ტურბინის ფრთები პეკინის ნაცვლად ქვეყნის შიგნით, პიტსბურგში უნდა გამოდნეს.
სოციალური პოლიტიკა
დემოკრატიები, ტრადიციულად, მუშათა კლასის პარტიად ითვლებიან, შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ბაიდენმა ამერიკაში საშუალო კლასის შექმნა პროფკავშირების დამსახურებად მიიჩნია და მხარი დაუჭირა კოლექტიური მოლაპარაკებების უფლებას. ასევე, მინიმალური ხელფასის საათში 15 დოლარამდე გაზრდას.
ბაიდენის აზრით, დროა ამერიკა დანარჩენ მსოფლიოს შეუერთდეს და 12 კვირიანი ანაზღაურებადი შვებულება ყველა ამერიკელმა მიიღოს. ასევე, ასაკოვანთა სოციალურ სადაზღვევო პროგრამას უნდა მიეცეს უფლება, რომ წამლის ფასზე კომპანიებთან მოილაპარაკოს, რაც მედიკამენტების გაიაფებას შეუწყობს ხელს.
საგარეო პოლიტიკა
ბაიდენის გამოსვლის მთავარი საგარეო პოლიტიკური გზავნილია, რომ ამერიკამ უნდა გაიმარჯვოს 21-ე საუკუნისთვის დომინირების ბრძოლაში. მას ამ პაექრობაში მთავარ კონკურენტად ჩინეთი ესახება.
სახალხო რესპუბლიკასთან დაპირისპირება ბაიდენისთვის იდეოლოგიურ ხასიათსაც ატარებს: მას სურს დაამტკიცოს, რომ დემოკრატიულ მმართველობებს შეუძლიათ ავტორიტარულ რეჟიმებზე ეფექტური იყვნენ და ისინი დაამარცხონ. იგი ასევე მიიჩნევს, რომ საჭიროა ჩინეთს საერთაშორისო ვაჭრობის წესების დაცვა მოეთხოვოს.
ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს პირდაპირი მესიჯი გაუგზავნა, რომლის თანახმადაც ამერიკა არ აპირებს ჩინეთის იმპერიული ამბიციების გაფართოებას მშვიდად უყუროს, რის საპირისპიროდაც ინდოეთ-წყნარ ოკეანეში სამხედრო ნაწილების გამოყენებას გააგრძელებს.
რუსეთთან მიმართებაში ბაიდენის მიდგომა მოიცავს თანამშრომლობისა და დაპირისპირების ნაზავს. კიბერ თავდასხმებზე და ამერიკის არჩევნებში ჩარევაზე მან განაცხადა, რომ აშშ პროპორციულ საპასუხო ზომებს მიიღებს, თუმცა ამავდროულად, მზადაა რუსეთთან ბირთვული განიარაღების და კლიმატის ცვლილებების საკითხზე ითანამშრომლოს.
პრეზიდენტი ასევე შეეხო ირანის და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას და აღნიშნა, რომ აშშ ძალისხმევას არ დაიშურებს დიპლომატიური გზით პრობლემის მოგვარებისთვის, თუმცა სამხედრო შეკავებაც ასევე დღის წესრიგში რჩება.
ბაიდენის აზრით, ამერიკა მსოფლიო გამოწვევებს - იქნება ეს კლიმატის ცვლილება თუ პანდემია - მარტო ვერ უპასუხებს, რისთვისაც მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობაა გარდაუვალია.
განათლება და მეცნიერება
იმისათვის რომ ამერიკამ 21-ე საუკუნეში ლიდერობა გაინაღდოს, ბაიდენის აზრით, აუცილებელია ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნება, რაც დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს მეცნიერებაში.
ბაიდენის დაპირებებშია 12 წლიანი უფასო საშუალო განათლებისთვის კიდევ ოთხი წლის დამატება. ამაში იგულისხმება 2 წლიანი წინა-სასკოლო განათლება და 2 წლიანი სათემო კოლეჯები, რომელიც უფასო უნდა გახდეს.
გადასახადების ზრდა
ბაიდენი ამბიციური შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის დაფინანსებას მაღალშემოსავლიანი ამერიკელებისთვის და კორპორაციებისთვის გადასახადების ზრდის გზით აპირებს. პრეზიდენტის გეგმა არ შეეხება იმათ, ვინც წლიურად 400,000 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებს, ხოლო უმდიდრესი ადამიანებისთვის, ნომინალური საშემოსავლო განაკვეთი დაუბრუნდება ჯორჯ ბუშ უმცროსის დროინდელ ნიშნულს - 39.6%.
საგადასახადო რეფორმა ასევე მოიცავს კორპორაციებისთვის კანონმდებლობით გაწერილი მრავალი შეღავათის გაუქმებას, რაც მათ საშუალებას აძლევს, გადასახადებს თავი აარიდონ.
ბაიდენის განცხადებით პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც მდიდრებს გადასახედებს უმცირდებათ კეთილდღეობის ქვედა ფენებამდე "ჩამოჟონავის" (trickle-down economics) მოტივით, არასოდეს უმუშავია და დროა ეკონომიკა ქვემოდან ზემოთ წარიმართოს.
იარაღის ტარება
პრეზიდენტის ყურადღებას არ გამორჩენია უმწვავესი შიდა პოლიტიკური საკითხი - იარაღის შენახვა-ტარების უფლება. მისი აზრით, მიუხედავად კონსტიტუციური შესწორებისა, არცერთი უფლება არაა აბსოლუტური და იარაღის ტარებაც უნდა დაექვემდებაროს ისეთ ზომიერ შეზღუდვებს, როგორიცაა ნახევრად ავტომატური იარაღის აკრძალვა, მჭიდში ტყვიების რაოდენობის შემცირება, ასევე შესყიდვის წინ მყიდველის წინასწარი გადამოწმების წესის უნივერსალურად დანერგვა.
ავტორი: გიორგი ხატიაშვილი