ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა კუბაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს კუბელი ხალხის მკაფიო სწრაფვას თავისუფლებისკენ. საპროტესტო გამოსვლები კუბაში რამდენიმე დღის წინ, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის, საკვების დეფიციტისა და ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესის გამო დაიწყო. 

"კუბელი ხალხი თავისი სიმამაცის ხარჯზე სარგებლობს ფუნდამენტური და უნივერსალური უფლებებით, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლებით. აშშ მოუწოდებს კუბის რეჟიმს ამ გადამწყვეტ მომენტში მოუსმინოს ხალხს და მერკანტილური ინტერესების ნაცვლად ჩადგეს ხალხის ინტერესების სამსახურში",- თქვა ბაიდენმა. 

____________________

ბოლო დღეებში კუბაში მასშტაბური ანტი-სამთავრობო საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. საპროტესტო დემონსტრაცია და მარში გაიმართა ქვეყნის დედაქალაქ ჰავანაშიც. 

გამოსვლების მიზეზი მკვეთრად გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, პირველადი მოხმარების პროდუქციის და საკვების დეფიციტი და ჩავარდნილი ვაქცინაციაა. დემონსტრანტები მოითხოვენ სამოქალაქო თავისუფლებებს და კომუნისტური დიქტატურის დასრულებას. 

ვითარებას ამძიმებს ჯანდაცვის სექტორის კრიზისიც, რაც კოვიდ-19-ის პანდემიითაა გამოწვეული. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 7 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 47 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა, რომელსაც სახელმწიფო თითქმის სრულად აკონტროლებს, 11%-ით შემცირდა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური კლების მაჩვენებელია. ეკონომიკური რეცესიის ეფექტი გააძლიერა აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმაც. 

პრეზიდენტ მიგელ კანელ-დიაზის მიმართვის შემდეგ, ჰავანას ქუჩებში მთავრობის ათასობით მომხრე გამოვიდა. დიაზმა მოსახლეობას 1959 წლის რევოლუციის დაცვისკენ მოუწოდა. ქვეყნის პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს აშშ-ის მიერ დაქირავებული მოღალატეების პროვოკაცია იყო, რომლის მთავარი მიზანიც ქვეყნის დესტაბილიზაციაა. 

ანტი-სამთავრობო პროტესტი ჰავანას შემოგარენში მდებარე პატარა ქალაქ სან ანტონიოში დაიწყო, აქედან მალევე საპროტესტო გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. 

საპროტესტო აქციებიდან პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვრცელდება, დემონსტრაციაზე ისმის მთავრობის ცვლილების მოთხოვნები. 

"ეს არის ბოლო წვეთი, ჩვენ აღარ შეგვიძლია მეტის ატანა. ჩვენ არ გვაქვს საკვები, არ გვაქვს წამალი, არ გვაქვს თავისუფლება. ისინი [მთავრობა] ჩვენ ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევენ, ძალიან დავიღალეთ", - ამბობს ერთ-ერთი დემონსტრანტი. 

მსგავსი სიახლეები