კუბა აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში 553 პატიმარს გაათავისუფლებს
კუბის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 553 პატიმარს გაათავისუფლებს. რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს აცნობა, რომ კუბა ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნების სიიდან ამოიღეს.
ბაიდენის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კუბის მთავრობას "არავითარი მხარდაჭერა არ გაუწევია საერთაშორისო ტერორიზმისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში" და ვაშინგტონმა მიიღო გარანტიები, რომ კუბა "მომავალში არ დაუჭერს მხარს საერთაშორისო ტერორიზმს."
კუბის კომუნისტური მთავრობა მიესალმა ბაიდენის გადაწყვეტილებას, როგორც "ნაბიჯს სწორი მიმართულებით," მაგრამ სინანულით აღნიშნა, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ 1962 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ არის.
კუბა შეერთებულ შტატებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე უარეს ეკონომიკურ კრიზისში ადანაშაულებს, რაც გამოიხატება საკვების, მედიკამენტების, ელექტროენერგიის და საწვავის დეფიციტში.
ქვეყნის პრეზიდენტმა მიგელ დიაზ-კანელმა აშშ-ის სანქციებს "გენოციდური" უწოდა და თქვა, რომ მისი ქვეყანა მზად არის "უფრო რთული გარემოებებისთვის" დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, რომლის ადმინისტრაციამ კუბა 2021 წელს ტერორიზმის სპონსორად ხელახლა დაასახელა.
2021 წლის ივლისში, ათასობით კუბელმა პროტესტი გამოაცხადა ელექტროენერგიის გათიშვისა და სურსათის ფასების ზრდის გამო, რაც გახდა "მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევა ბოლო წლების განმავლობაში."
უფლებადამცველი ორგანიზაცია Justicia 11J-ის თანახმად, ამ პროტესტის შემდეგ 1500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთაგან 600 ჯერ კიდევ ციხეში იყო 2024 წლის დეკემბრისთვის.