ჯორჯ ბუში: ავღანეთიდან აშშ-ის გასვლა შეცდომაა, რასაც მძიმე შედეგები მოყვება
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. ჯორჯ ბუშმა, რომლის ადმინისტრაციის დროსაც დაიწყო ავღანეთის სამხედრო ოპერაცია, ჯარების გაყვანას შეცდომა უწოდა.
"ვფიქრობ ეს შეცდომაა და ვფიქრობ, რომ ამ შეცდომას დაუჯერებლად ცუდი და მძიმე შედეგები მოყვება",- თქვა ბუშმა.
ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ავღანელი ქალების ბედს, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყნიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
იგივე განაცხადა ბუშმა იმ ავღანელების ბედზეც, რომელიც წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ და თანამშრომლობდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან:
"მოსალოდნელია, რომ მათ უბრალოდ მიატოვებენ და ეს სასტიკი ხალხი [თალიბანი] მათ უბრალოდ დახოცავს"
_____________________________
მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ადმინისტრაციამ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის კონკრეტული გეგმა გამოაქვეყნა ქვეყანაში თალიბანის ტერიტორიული ექსპანსია დაიწყო. ბოლო კვირების განმავლობაში თალიბანმა თავის კონტროლს დაუქვემდებარა უმნიშვნელოვანესი სასაზღვრო პუნქტები.
ამ დროის მონაცემებით, თალიბანი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 85%-ს აკონტროლებს. თალიბანის ტერიტორიული ექსპანსიის მიუხედავად რამდენიმე დღის წინ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთის ცენტრალურ მთავრობას თალიბების შეჩერება ძალუძს.