კადაფის შვილი ლიბიის პრეზიდენტად იყრის კენჭს

 

ლიბიის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ ულ-ისლამი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

საიფ-ულ ისლამი, რომელიც კადაფის დამხობამდე დიქტატორის მემკვიდრედ ითვლებოდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილია 2011 წლის საპროტესტო მოძრაობის დროს „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“.

კადაფის ვაჟი 2011 წელს ლიბიაში სამხედრო ინტერვენციის და სახალხო აჯანყების დროს, რომელმაც ორმოცწლიანი დიქტატურა დაასრულა, ტყვედ ჩაიგდეს ქალაქ ზინთანთან ახლოს.

ის ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2017 წლის ივნისში გაათავისუფლეს.

მას შემდეგ საიფ-ულ ისლამი საჯაროდ პირველად ახლა გამოჩნდა.

კადაფის შვილი პირველია, რომელმაც ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა.

მოსალოდნელია, რომ დეკემბერში დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს გავლენიანი საველე მეთაური ხალიფა ჰაფთარი, პარლამენტის თავმჯდომარე აკილა სალეჰი, და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ფათჰი ბაშაღა.

პარასკევს პარიზში ჩატარებულ სამშვიდობო კონფერენციაზე საერთაშორისო საზოგადოებამ ლიბიის დროებით ხელისუფლებას მოუწოდა, რომ „თავისუფალი, სამართლიანი და ინკლუზიური“ არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს.

 


2011 წელს საერთაშორისო სამხედრო ინტერვენციის და ადგილობრივი სახალხო პროტესტის შედეგად ლიბიის დიქტატორი მუამარ კადაფი დაამხეს.

მას შემდეგ ნავთობითა და გაზით მდიდარ ჩრდილოაფრიკულ ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

დღეს ლიბიაში ძალაუფლება ორ დაპირისპირებულ მხარეს აქვს - დედაქალაქ ტრიპოლში გამაგრებულ „ეროვნული თანხმობის მთავრობას“, რომელსაც გაერო აღიარებს და გენერალ ხალიფა ჰაფთარის ძალებს, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთს აკონტროლებენ.

მსგავსი სიახლეები