კალასი: ტრამპის მუქარა შესაძლოა "მაღვიძარა" იყოს ევროკავშირის ზოგიერთი წევრისთვის
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებზე, რომ თუ ნატოს წევრები საკმარის თანხას არ დახარჯავენ თავდაცვაზე, ის ამ ქვეყნებში რუსეთის აგრესიას წაახალისებს.
ამის შესახებ კალასმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ვფიქრობ, ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატის სიტყვები შესაძლოა "მაღვიძარა" იყოს ევროკავშირის ზოგიერთი წევრისთვის, რომელთა წვლილი არც ისე დიდია." - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.
კალასი იმედოვნებს, რომ ევროპა უფრო მეტ ინვესტიციას ჩადებს თავდაცვაში "და ჩვენ ერთად გავძლიერდებით."
თავის მხრივ, მეცოლამ, ტრამპის განცხადების კომენტირებისას, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ.
"ნებისმიერი ასეთი განცხადების შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა საფრთხეებია, მაგრამ რაც ასევე მნიშვნელოვანია, არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ იმ შემთხვევაში, თუ მარტო დავრჩებით," - თქვა მან.
სამხრეთ კაროლინაში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ტრამპმა გაიხსენა, როგორ დაემუქრა ნატოს ერთ-ერთ წევრს, რომ "წახალისებდა რუსეთის" თავდასხმას, რომელიც არ ასრულებდა ალიანსის წინაშე ფინანსურ ვალდებულებებს.
ამ სიტყვებმა თეთრი სახლის, ნატოს გენერალური მდივნისა და ევროპის მრავალი მთავრობის მწვავე რეაქცია გამოიწვია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ტრამპის სიტყვებს უპასუხისმგებლო უწოდა. ხოლო გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ტრამპის განცხადებებს სახიფათო და მოსკოვის ხელში თამაში უწოდა.