კატალონიაში ესპანეთიდან გამოყოფის მოთხოვნით დემონსტრაცია ჩატარდა

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მეხუთე წლისთავზე ბარსელონაში რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფის მომხრე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. პოლიციის შეფასებით, შაბათს, 1 ოქტომბერს, ქალაქის ცენტრში ტრიუმფალურ თაღთან ჩატარებულ დემონსტრაციაზე 11 000 ადამიანი იმყოფებოდა.

სხვა საკითხებთან ერთად, დემონსტრანტები მოითხოვდნენ კატალონიის მთავრობის მეთაურის, პერე არაგონესის გადადგომას, რომელიც, აუდიტორიის თქმით, ზედმეტად "გაურკვევლად" ასრულებს თავის წინასაარჩევნო დაპირებას დამოუკიდებელი კატალონიიის შექმნის შესახებ. საპასუხოდ არაგონესმა თქვა, რომ მისი კოალიციური მთავრობა დამოუკიდებლობას კვლავ ითხოვს, მაგრამ სურს ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებული რეფერენდუმის ჩატარება.

რეფერენდუმი კატალონიაში

2017 წლის 1 ოქტომბერს კატალონიის ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფის შესახებ, რის შემდეგაც გამოაცხადა, რომ ამომრჩეველთა 90 პროცენტი კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის მომხრე იყო. რეფერენდუმის დაწყებამდე კი ოფიციალურმა მადრიდმა განაცხადა, რომ ეს კენჭისყრა კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. პოლიციამ იმ დღეს საარჩევნო უბნები დახურა და ყუთები და ბიულეტენები ამოიღო. კატალონიის სხვადასხვა რაიონში საპროტესტო აქციები გაიმართა, პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

რეფერენდუმის შემდეგ კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი დაპატიმრებისგან თავის ასარიდებლად ბელგიაში გაემგზავრა. 2021 წლის ივნისში მადრიდმა შეიწყალა ცხრა კატალონიელი პოლიტიკოსი, რომლებიც გაასამართლეს კატალონიის სუვერენიტეტის გამოცხადების მცდელობაში, მაგრამ არა პუჩდემონი.

მსგავსი სიახლეები