ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაცია: იზიუმთან კონტრშეტევაზე გადავედით
ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ფრონტის ხაზზე შექმნილ მდგომარეობას აფასებს. ოლეგ სინეგუბოვის თქმით, იზიუმის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ.
"ჩვენთან ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ იზიუმის მიმართულებაა, იქ ჩვენი შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ",- ამბობს სინეგუბოვი.
ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, მტერი რამდენიმე მიმართულებით უკან იხევს.
სინეგუბოვის განცხადებამდე გავრცელდა აშშ-ს ომის კვლევის ინსტიტუტის მიმოხილვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქალაქ ხარკოვისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლა როგორც ჩანს უკვე მოიგეს.
უკრაინის არმია ხარკოვის მიმართულებით კონტრშეტევაზე რამდენიმე კვირის წინ გადავიდა და საოკუპაციო ძალებს ეტაპობრივად აიძულებდა უკან დახევას.