კონაშენკოვი: მაკიივკაზე შური ვიძიეთ, კრამატორსკში 600 სამხედრო გავანადგურეთ
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, მაკიივკაზე საპასუხოდ "შურისგების" ოპერაცია აღასრულა, რომლის ფარგლებშიც 600 უკრაინელი სამხედრო განადგურდა.
ამის შესახებ უწყების პრესსპიკერმა გენერალ კონაშენკოვმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.
"31 დეკემბერს კიევის რეჟიმის მიერ დონეცკის რაიონის დასახლებულ პუნქტ მაკიივკაში რუსი სამხედროების დროებითი განთავსების წერტილზე დანაშაუელებრივი დარტყმის საპასუხოდ, რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურობამა აღასრულა შურისგების ოპერაცია",- განაცხადა კონაშენკოვმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის სამხედრო დაზვერვამ გამოავლინა უკრაინელი სამხედროების განთავსების წერტილი, ქალაქ კრამატორსკში. კონაშენკოვის თქმით, საუბარია სულ საერთო საცხოვრებელზე სადაც ჯამურად 1 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა.
"მასირებული სარაკეტო დარტყმების შედეგად განადგურებულია 600 უკრაინელი სამხედრო".
კონტექსტი
31 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ქალაქ მაკიივკაში მდებარე ტექნიკური სასწავლებლის შენობა განადგურდა, რომელშიც მობილიზებული რუსი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. დარტყმა HIMARS-ის სისტემით განხორციელდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად განაცხადეს, რომ დარტყმის შედეგად სულ 63 რუსი სამხედრო დაიღუპა, თუმცა მალევე მოკლულ სამხედროთა ოფიციალური რიცხვი 89-მდე გაიზარდა.
ეს ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ აღიარებული ყველაზე მასშტაბური ერთჯერადი დანაკარგებია. უკრაინული და დამოუკიდებელი წყაროების ცნობით 31 დეკემბერს მოკული რუსი ჯარისკაცების რიცხვი გაცილებით მაღალია და რამდენიმე ასეულს აღემატება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარი ადგილობრივი სამხედრო ხელმძღვანელობის და მოკლული ჯარისკაცების პასუხისმგებლობაა, ვინაიდან ისინი მობილურ ტელეფონებს იყენებდნენ, რის მეშვეობითაც უკრაინულმა მხარემ მათი მდებარეობის დადგენა შეძლო.
თავის მხრივ გასული დღე-ღამის განმავლობაში კრამატორსკი მართლაც დაიბომბა, ამის შესახებ დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომაც განაცხადა. კირილენკოს თქმით, დარტყმების შედეგად დაზიანდა 2 სასწავლო დაწესებულება და 8 საცხოვრებელი კორპუსი, თუმცა დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.