კონსულტანტები ისრაელს ღაზაში დიდი სახმელეთო ოპერაციისგან თავის შეკავებას ურჩევენ
შესაძლო გართულებებისა და ომის გაჭიანურების რისკის გამო ამერიკელი კონსულტანტები ისრაელის თავდაცვის ძალებს ღაზაში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
ვაშინგტონის მიერ ისრაელში მივლენილი კონსულტანტები ერაყსა და სირიაში საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისრაელს ურჩევენ თავი აარიდონ მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციებს, რაც მაღალი დანაკარგების, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდისა და ოპერაციის გაჭიანურების რისკებს ატარებს.
გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ ამერიკელი კონსულტანტები ისრაელისთვის მიცემულ რეკომენდაციებში ეყრდნობიან ქალაქ ფალუჯაში ამერიკული არმიის გამოცდილებას - ფალუჯა ერაყში ინტერვენციის ერთ-ერთი სისხლიანი კამპანია იყო, რომელიც მასშტაბური ურბანული ბრძოლებითა და მაღალი დანაკარგებით ხასიათდებოდა.
გარდა ამისა, ამერიკელი კონსულტანტები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ერაყის ქალაქ მოსულის გამოცდილებაზე მიუთითებენ - ჰამასის მსგავსად ISIS-ის ტერორისტებმა მოსულში მიწისქვეშა გვირაბების მასშტაბური ქსელი ააგეს და მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებდნენ. სწორედ ამ ფაქტორების გამო მოსულის გათავისუფლების კამპანია მოსალოდნელზე მეტად გაიწელა და უფრო დიდი დანაკარგებით ხასიათდებოდა.
CNN-ის ცნობით, საკუთარი რეკომენდაციების გასაჟღერებლად თეთრმა სახლმა ისრაელში საზღვაო ქვეითთა კორპუსის გენერალი, ჯეიმს გლინი მიავლინა. გლინი მსგავს ვითარებაში საბრძოლო მოქმედებების დიდი გამოცდილება აქვს, სწორედ ის მეთაურობდა ამერიკულ ძალებს ფალუჯას კამპანიაში.
წყაროს ცნობით, ამერიკელი კონსულტანტები ისრაელელ კოლეგებს მოუწოდებენ აქცენტი გააკეთონ ზუსტ ავიადარტყმებსა და სპეციალური დანიშნულების ძალების წერტილოვან რეიდებზე.