კუბაში მასშტაბური ანტი-სამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს
ბოლო დღეებში კუბაში მასშტაბური ანტი-სამთავრობო საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. საპროტესტო დემონსტრაცია და მარში გაიმართა ქვეყნის დედაქალაქ ჰავანაშიც.
საპროტესტო გამოსვლების მიზეზი მკვეთრად გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, პირველადი მოხმარების პროდუქციის და საკვების დეფიციტი და ჩავარდნილი ვაქცინაციაა. დემონსტრანტები მოითხოვენ სამოქალაქო თავისუფლებებს და კომუნისტური დიქტატურის დასრულებას.
ვითარებას ამძიმებს ჯანდაცვის სექტორის კრიზისიც, რაც კოვიდ-19-ის პანდემიითაა გამოწვეული. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 7 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 47 პაციენტი კი გარდაიცვალა.
2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა, რომელსაც სახელმწიფო თითქმის სრულად აკონტროლებს, 11%-ით შემცირდა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური კლების მაჩვენებელია. ეკონომიკური რეცესიის ეფექტი გააძლიერა აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმაც.
პრეზიდენტ მიგელ კანელ-დიაზის მიმართვის შემდეგ, ჰავანას ქუჩებში მთავრობის ათასობით მომხრე გამოვიდა. დიაზმა მოსახლეობას 1959 წლის რევოლუციის დაცვისკენ მოუწოდა. ქვეყნის პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს აშშ-ის მიერ დაქირავებული მოღალატეების პროვოკაცია იყო, რომლის მთავარი მიზანიც ქვეყნის დესტაბილიზაციაა.
ანტი-სამთავრობო პროტესტი ჰავანას შემოგარენში მდებარე პატარა ქალაქ სან ანტონიოში დაიწყო, აქედან მალევე საპროტესტო გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა.
საპროტესტო აქციებიდან პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვრცელდება, დემონსტრაციაზე ისმის მთავრობის ცვლილების მოთხოვნები.
"ეს არის ბოლო წვეთი, ჩვენ აღარ შეგვიძლია მეტის ატანა. ჩვენ არ გვაქვს საკვები, არ გვაქვს წამალი, არ გვაქვს თავისუფლება. ისინი [მთავრობა] ჩვენ ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევენ, ძალიან დავიღალეთ", - ამბობს ერთ-ერთი დემონსტრანტი.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციები არ არის მრავალრიცხოვანი, ეს კუბისთვის მაინც მნიშვნელოვანი მოვლენაა.
ქვეყანაში ანტი-სამთავრობო გამოსვლები საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რომელიც, როგორც წესი, სასტიკი დარბევებით სრულდება. განსაკუთრებით საყურადღებოა საპროტესტო გამოსვლები პატარა ქალაქებში, სადაც კომუნისტურ ხელისუფლებას მარტივად შეუძლია ამოიცნოს ყველა დემონსტრანტი და სამაგალითოდ დასაჯოს.
ქვეყნის ეკონომიკა მძიმე რეცესიაშია - ტურიზმი, რომელიც ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი სექტორია, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად თითქმის გაკოტრებულია. გარდა ამისა, ქვეყანამ მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები შაქრის მოსავალი მიიღო, რაც ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტია.
ეკონომიკური კრიზისის შედეგად თითქმის ამოწურულია კუბის სარეზერვო თანხებიც, რაც შეუძლებელს ხდის დეფიციტური პროდუქციის იმპორტს. ქვეყანაში სასურსათო რიგები სულ უფრო იზრდება.
ამ ყველაფერს კუნძულზე ბოლო თვეებში ენერგეტიკული კრიზისიც დაემატა.