კურსკის გუბერნატორი: აეროდრომზე განხორციელდა შეტევა დრონით, არის ხანძარი
კურსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთ აეროდრომს უპილოტო საფრენმა აპარატის გამოყენებით შეუტიეს, იწვის ნავთობის რეზერვუარი.
ინფორმაციას ამის შესახებ კურსკის გუბერნატორი, რომან სტარავოიტი საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
რომან სტარავოიტის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
სტარავოიტი ქალაქის აეროდრომზე იერიშის მცდელობის შესახებ იტყობინებოდა 6 აგვისტოსაც, მაშინ გუბერნატორს დეტალები არ გაუვრცელებია, თუმცა მოსახლეობას მოუწოდა თავი შეიკავონ დრონების გამოყენებისგან.
საუბარია აეროდრომ Курск-Восточный-ზე, რომელიც ომამდე სამოქალაქო თვითმფრინავებს იღებდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ აეროდრომი მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავებისთვის გამოიყენება. სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის რუსეთის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში ომის დაწყების შემდეგ კიდევ 10 აეროდრომი დაიხურა.
კონტექსტი
5 დეკემბრის დილით რუსულ მედიაში ერთდროულად გავრცელდა ცნობები რუსეთის 2 სტრატეგიულ ავიაბაზაზე განხორციელებული შეტევების შესახებ.
არსებული მონაცემებით ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე სარატოვის ოლქში მდებარე ავიაბაზა ენგელს 2-ის ასაფრენ ბილიკზე უპილიტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარის შესახებ პირველი კომენტარი დღის მიწურულს ყოველდღიურ ბრიფინგზე გაავრცელა.
იგორ კონაშენკოვი მომხდარის შეტევის მცდელობად მოიხსენიებს და ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების განეიტრალება ჰაერშივე მოხერხდა. მისი თქმით, იერიში საბჭოთა წარმოების რეაქტიული საფრენი აპარატით განხორციელდა.
კონაშენკოვმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად უმნიშვნელოდ დაზიანდა ორი თვითმფრინავის კორპუსი და დაიღუპა 3 სამხედრო მოსამსახურე აეროდრომის ტექნიკური პერსონალიდან.
უფრო მეტი 5 დეკემბერს რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ბაზირების აეროდრომებზე განხორციელებული იერიშის შესახებ წაიკითხეთ აქ.