კვლევა: შვეიცარიის მოქალაქეების უმრავლესობა ნატოსთან დაახლოების მომხრეა

რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ შვეიცარიის მოქალაქეები უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვაზე დააფიქრა. ნატოსთან ქვეყნის დაახლოებას შვეიცარიელების 52% უჭერს მხარს. 

ამას მოწმობს სოციოლოგიური კვლევის მონაცემები, რომლის შედეგებიც ხუთშაბათს, 14 ივლისს, ETH Zurich-მა გამოაქვეყნა.

ამასთან, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის პირდაპირ შესვლის მომხრეთა რაოდენობა კვლავ 27%-ია.

კვლევის მიხედვით, შვეიცარიელების პროპორცია, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის ტრადიციულ ნეიტრალიტეტს, იანვართან შედარებით რვა პუნქტით შემცირდა 89%-მდე. ეს იყო ყველაზე დიდი ვარდნა 20 წლის განმავლობაში.

გამოკითხულთა მხოლოდ 58% არის დარწმუნებული, რომ შვეიცარიის ნეიტრალიტეტი იცავს ქვეყანას საერთაშორისო კონფლიქტებისგან, რაც იანვრის 69%-ს შემდეგ კლებაა.

რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ასევე გაზარდა ხალხის მხარდაჭერა შვეიცარიის არმიის მიმართ. კვლევის მიხედვით, ათი რესპონდენტიდან მხოლოდ სამი მიიჩნევს, რომ მათი ქვეყნის სამხედრო ხარჯები ძალიან მაღალია.  

შეიარაღებული ნეიტრალიტეტი შვეიცარიის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. ქვეყანა 1815 წლის შემდეგ არანაირ ომში არ მონაწილეობდა. შვეიცარიის ნეიტრალიტეტი ნიშნავს, რომ ის გამოიყენებს თავის შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის მიზნით, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მაგრამ არა სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე.  

მსგავსი სიახლეები