ლავროვი: ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრა „მუნჯის ყრუსთან საუბარს“ ჰგავდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრა „მუნჯის ყრუსთან საუბარს“ შეადარა.
ლიზ ტრასი ლავროვთან შესახვედრად მოსკოვში 9 თებერვალს ჩავიდა.
„თითქოს [ერთმანეთის ნათქვამს] ვისმენთ, თუმცა ერთმანეთის არ გვესმის... ვიგრძენი, რომ ჩვენი კოლეგები ან არ იცნობენ ჩვენს პოზიციებს, ან მათ იგნორირებას უკეთებენ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა მოსკოვში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის შემდეგ.
ლავროვი ასევე შეეხო დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მიერ უკრაინაში დიპლომატიური წარმომადგენლობის ნაწილის გამოყვანას. „მათი ქმედება განვიხილეთ და ჩვენც ვურჩევთ [რუსულ] დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რომ პერსონალის ნაწილმა დროებით დატოვოს უკრაინა“, - განაცხადა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა.
ლიზ ტრასმა ლავროვთან შეხვედრის შემდეგ კრემლს „ცივი ომის რიტორიკაზე“ უარის თქმისკენ და უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრისკენ მოუწოდა.
„[ესკალაციის მაგივრად] რუსეთი ნატოსთან ერთად ევროპაში უსაფრთხოების შესახებ არსებით დისკუსიებში უნდა ჩაერთოს.
ამ დისკუსიებში [მოსკოვმა] პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რაზეც რუსეთმა ხელი 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმში მოაწერა.“ - განაცხადა ბრიტანეთის მთავარმა დიპლომატმა.
ლავროვის განცხადებით, 2014 წელს თებერვალში უკრაინაში „ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელიც ნეონაცისტებმა და ულტრანაციონალისტებმა განახორციელეს“, რუსეთს ბუდაპეშტის მემორანდუმის შესრულების ვალდებულება არ აქვს.
2014 წელს ე. წ. „ღირსების რევოლუციის“ შედეგად უკრაინაში ხელისუფლებაში პრო-დასავლური ძალები მოვიდნენ, ქვეყნის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩი კი რუსეთში გაიქცა.