ლუჰანსკის და ხარკივის ოლქის საზღვარზე რუსეთი 10 ათასიან შემტევ 'მუშტს' ამზადებს

ლუჰანსკისა და ხარკივის ოლქის საზღვარზე რუსეთი მოცულობით შემტევ 'მუშტს' ამზადებს, რომელშიც 10 ათასამდე ჯარისკაცი და 450 ერთეული სამხედრო ტექნიკა შედის. 

ინფორმაციას ამის შესახებ ბრძოლის ველზე არსებული ვითარების უკრაინის ანალიტიკური პლატფორმა DeepState ავრცელებს. 

საუბარია ხარკივის ოლქში მდებარე რაიგოროდკისა და ნოვოვოდიანოეს შორის არსებულ მონაკვეთზე, რომელსაც, თავის მხრივ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფელ ბოროვადან 20 კილომეტრი აშორებს. 

"მტერი აძლიერებს დაჯგუფებს ამ მონაკვეთზე, აქ თავმოყრილია 200-მდე საარტილერიო დანადგარი. მიზანი მკაფიოა - გაიმეორონ შეტევა სოფელ ბოროვაზე წინა წლის მსგავსად" - წერენ პლატფორმის ანალიტიკოსები. 

აღნიშნულ მონაკვეთს, უკრაინის მხრიდან, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი, 3-ე ცალკეული მოიერიშე ბრიგადა ამაგრებს, თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ძალები ფრონტის ამ მონაკვეთზე არათანაბარია და საოკუპაციო არმიას აქვს უპირატესობა როგორც ცოცხალ ძალაში, ასევე შეიარაღებაში. 

Deep State-ის ცნობით, ხარკივისა და ლუჰანსკის ოლქის საზღვრებზე წარმოდგენელია რუსეთის 20-ე არმიის დანაყოფები, მათ შორის 236-ე საარტილერიო ბრიგადა; ასევე, 7 მოტო-მსროლელი, 2 სატანკო და 2 საარტილერიო პოლკი. გარდა ამისა, შეინიშნება დაქირავებული მებრძოლები სხვადასხვა ე.წ. კერძო სამხედრო კომპანიებიდან. 

"გასული 3 კვირის განმავლობაში მტერი აწარმოებს მოსამზადებელ ოპერაციებს და ცდილობს ЗСУ-ს დაცვაში სუსტი ადგილების პოვნას. მიმდინარეობს მუდმივი შტურმები 3-ე ცალკეული მოიერიშე ბრიგადის პოზიციებზე. მტერი კარგავს ცოცხალ ძალას, მაგრამ ყოველკვირეულად ფრონტის ამ მონაკვეთზე 200-დან 400-მდე ახალმობილიზებული რუსი ჩამოჰყავთ, რაც საკმარისია როგორც დანაკარგების შესავსებად, ასევე დაჯგუფების გასაძლიერებლად" - ნათქვამია Deep State-ის ანალიზში. 

კონტექსტი 

გასული თვეების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებში შექმნილი სამმაგი დეფიციტის ფონზე, რუსეთი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით აწარმოებს შეტევებს. 

ამერიკული დახმარების 7-თვიანი პაუზის ფონზე, ЗСУ განიცდიდა საარტილერიო ჭურვების, საზენიტო რაკეტებისა და ცოცხალი ძალის დეფიციტს - ამ უკანასკნელის მიზეზი მობილიზაციის შესახებ კანონის დაგვიანებული მიღება იყო. 

ამ ფონზე, რუსეთის საოკუპაციო არმიამ შეძლო რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით წინსვლა; თებერვალში დაეცა ქალაქი ავდიივკა, რომელიც დონეცკის ოლქში ЗСУ-ს ერთ-ერთ ყველაზე გამაგრებულ საყრდენ წერტილად მიიჩნეოდა. 

უპირატესობის ფონზე რუსეთი აწარმოებს შეტევებს ქალაქ ჩასოვ იარის, პოკროვკის, ვუჰლედარისა და სოფელ რობოტინეს მიმართულებით. 

10 მაისს რუსეთის არმიამ ახალი ფრონტი გახსნა ხარკივის ოლქში. თავდაპირველი წინსვლის მიუხედავად, საოკუპაციო არმიის წინსვლა ამ დროისთვის შეჩერდა. ჯერჯერობით მათ ვერ მიაღწიეს იერიშის ოფიციალურად დეკლალირებულ მიზანს - ე.წ. სანიტარული კორდონის ორგანიზება ქალაქ ბელგოროდის ირგვლივ. 

9 ივნისს, გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ წელს რუსეთისთვის შესაძლებლობის ფანჯარა იხურება. 

გამოცემის ცნობით, რუსეთმა ვერ ისარგებლა პაუზით, როდესაც უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის პროცესი დასავლელი მოკავშირეების მხრიდან მკვეთრად შემცირდა. 

გამოცემა წერს, რომ 10 მაისს საოკუპაციო არმიის მიერ ხარკივის მიმართულებით ახალი ფრონტის გახსნამ ვერ მიაღწია პუტინის მიერ დასახულ ოფიციალურ მიზანს - ე.წ. სანიტარული კორდონის შექმნას ბელგოროდის ირგვლივ.

გამოცემა რუსეთის ყველაზე დიდ წარმატებად თებერვალში ქალაქ ავდიივკის დაკავებას ასახელებს და ხაზს უსვამს, რომ პროცესში რუსეთმა უმძიმესი დანაკარგები განიცადა. 

ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ჩასოვ იარის ბრძოლაზე - პატარა ქალაქი ბახმუტის შემოგარენში, რომლის დაკავებასაც რუსეთის არმია უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს. 

მოსკოვის სტრატეგიების ანალიზისა და ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი, რუსლან პუხოვი ამბობს, რომ კრემლის მიერ არჩეული ЗСУ-ს გამოფიტვის სტრატეგია ძვირი უჯდება მოსკოვსაც. რუსი ექსპერტის თქმით, პროცესმა შესაძლოა ძლიერ გამოფიტოს რუსეთის არმია, რაც უკრაინელებს კონტრიერიშის შანსს მისცემს. 

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტუტის მკვლევარი, ბენ ბარი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის არმიის ხარისხობრივ დეგრადაციაზე - ექსპერტის თქმით, რუსეთმა დაკარგა ყველაზე ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცები, ოფიცრები და მოწინავე ჯავშანტექნიკა და ამჟამად მას არ შეუძლია მასშტაბური, ფრონტის ღრმა გარღვევაზე ორიენტირებული გაერთიანებული საჯარისო ოპერაციების წარმოება. 

მსგავსი სიახლეები