მასკის თქმით, Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს

Twitter-ის მფლობელი ილონ მასკი სოციალური ქსელის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ მან 11 მაისს განაცხადა.

მასკის თქმით, მან შემცვლელი უკვე იპოვა. ახალი ლიდერი ქალი იქნება.

"მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ დავიქირავე ახალი აღმასრულებელი დირექტორი Twitter-ისთვის. ის მუშაობას დაახლოებით 6 კვირაში დაიწყებს!" - დაწერა მან.

მასკმა აღნიშნა, რომ ის კომპანიის ტოპ მენეჯმენტში დარჩება და ტექნიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს.

კონტექსტი

2022 წლის 27 ოქტომბერს მასკმა Twitter 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. მან იმავე დღეს გაათავისუფლა Twitter-ის ოთხი წამყვანი დირექტორი. ზოგადად, ბიზნესმენმა 3700 თანამშრომელი გაათავისუფლა.

მას შემდეგ, რაც მასკმა სოციალური ქსელი იყიდა, Twitter-მა აღადგინა ადრე დაბლოკილი ანგარიშები, მათ შორის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პროფილი.

დეკემბერში მასკმა გამოაცხადა, რომ Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებს მას შემდეგ, რაც "ვიღაც საკმარისად სულელი" იპოვა ამ სამუშაოსთვის. მან სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩაატარა, უნდა დატოვოს თუ არა გენერალური დირექტორის თანამდებობა და მონაწილეთა ნახევარზე მეტმა დადებითად უპასუხა.

მსგავსი სიახლეები