MI6: ბრიტანეთისთვის მთავარ საფრთხეს ჩინეთი, რუსეთი და ირანი წარმოადგენენ

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) უფროსი რიჩარდ მური აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარ საფრთხეებად ჩინეთს, რუსეთს, ირანს და საერთაშორისო ტერორიზმს მიიჩნევს.

BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში მურმა ჩინეთს ბრალი დასდო ბრიტანეთში „მასშტაბური ჯაშუშური ოპერაციების“ ჩატარებასა და მსოფლიოში „ავტორიტარიზმის ხელშემწყობი ტექნოლოგიების“ ექსპორტში.

"პეკინის ბოლოდროინდელ ქმედებებზე რეაგირება დაზვერვის უწყების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს", - აცხადებს MI6-ის შეფი.

მურის შეფასებით, რუსეთი გაერთიანებული სამეფოსთვის კვლავაც „მწვავე საფრთხეს“ წარმოადგენს.

მან 2018 წელს ინგლისში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის ქიმიური იარაღით მოწამვლა გაიხსენა, რომლის უკანაც ბევრი რუსულ სპეცსამსახურებს ხედავს.

„ჩვენს მოკავშირეებთან ერთად უნდა მოვთოკოთ რუსეთის ქმედებები, რომლებიც საერთაშორისო სამართლებრივ სისტემას ეწინააღმდეგება“, - ამბობს დაზვერვის უფროსი.

მურმა საფრთხის შემცველად შეაფასა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაცია.


ბრიტანეთის განთქმული საგარეო დაზვერვის უწყება 1909 წელს დაფუძნდა. 1992 წლამდე გაერთიანებული სამეფოს მთავრობა MI6-ის არსებობას ოფიციალურად არ აღიარებდა.

მსგავსი სიახლეები