"მიმდინარე იერიში ხერსონის კამპანიას ემსგავსება",- ЗСУ-ს იერიშის ქრონიკა, დღე 2
უკრაინის მიმდინარე კონტრიერიშის მეორე დღეს მძიმე ბრძოლები გაგრძელდა ზაპორიჟიასა და ბახმუტის შემოგარენში. რომელიმე მონაკვეთზე ოკუპანტების ფრონტის გარღვევის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და უწყებასთან დაკავშირებული Z-ბლოგერები სხვადასხვა მიმართულებით უკრაინის შეტევების წარმატებით მოგერიების შესახებ იუწყებოდნენ.
გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის ცნობით, ფრონტის ზოგ მონაკვეთზე უკრაინის არმიამ შეძლო რუსების თავდაცვის პირველი ხაზების დაძლევა, თუმცა სხვაგან მათი პროგრესი უფრო ნელია.
"რუსეთის არმიის მოქმედებების ცალსახა შეფასება შეუძლებელია - ზოგი მათგანი წარმატებით თავდაცვით ოპერაციებს ახორციელებს, ზოგი კი ქაოტურად ტოვებს პოზიციებს",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ მიმოხილვაში.
პირველად დიდი ხნის განმავლობაში ფრონტზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინი. მისი თქმით, უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ უკრაინის კონტრირიში დაიწყო. გუშინ, 9 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შორი რადიუსის რაკეტებით დაბომბეს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სამხედრო შტაბი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ეწვია რუსეთის პრეზიდენტი.
უკრაინის გენერალური შტაბი კონტრიერიშის დაწყების შესახებ კვლავ არაფერს ამბობს. ცოტა ხნის წინ 35-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურთან ერთობლივი ფოტო გამოაქვეყანა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალირმა. "ვეცნობით ბოლო ამბებს ფრონტის ხაზიდან, კარგ ხასიათზე ვართ",- წერს მალიარი.
დეტალები
უკრაინის კონტრიერიში ეტაპობრივად იკრებს ძალას, თუმცა ისინი ოკუპანტებისგან ეფექტურ წინააღმდეგობას აწყედებიან - ამის შესახებ წერს Politico.
უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სიჩუმის ფონზე, Washington Post წერს, რომ მიმდინარე იერიში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უფრო რთული იქნება, ვიდრე გასული წლის შემოდგომის კამპანიები.
ამასთანავე, გაზეთთან საუბარში აშშ-ს სადაზვერვო უწყებების მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ უკრაინას ჯერჯერობით არ გამოუყენებია კონტრიერიშისთვის მომზადებული დანაყოფების ბირთვი. "მძლავრი, მთავარი დარტყმა ჯერჯერობით არ განხორციელებულა",- ამბობენ დაზვერვის მაღალჩინოსნები.
რუსეთის მიერ აგებული საფორტიფიკაციო ნაგებობისა და სანგრების მასშტაბურ ქსელის ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას Wall Street Journal და New York Times. გამოცემის ცნობით, რუსეთის კარგად ორგანიზებული თავდაცვის ხაზების ფონზე უკრაინული დანაყოფების მოძრაობის არეალი უკიდურესად შეზღუდულია. ამის გამო უკრაინის ჯავშანტექნიკის კოლონები ხშირად დაუცველები არიან რუსული ავიაციისა და არტილერიისგან მომავალი საფრთხის წინაშე.
უკრაინის იერიშის გამხსნელ ფაზა შეაფასა ნატოს სტრატეგიული ძალების ყოფილმა მეთაურმა მეჩისლავ ბენეკმაც. გენერლის თქმით, ზაპორიჟიაში განვითარებული ბრძოლები უკრაინის საცდელი შეტევებია, რომლის მიზანიც მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზებში სუსტი წერტილების გამოვლენაა. ბენეკის თქმით, უკრაინის ძირითადი ძალები შეტევაში სწორედ ამის შემდეგ ჩაერთვებიან.
ამასთანავე ბენეკი ხაზს უსვამს, რომ თავდაცვის წინა ხაზებზე რუსეთს ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფები ყავს განთავსებული, რაც დამატებითი სირთულის წყაროა.
რა ხდება
ზაპორიჟიის ფრონტი - უკრაინის კონტრიერიშის დაწყებიდან უკრაინის არმიის ყველაზე მასშტაბური შეტევები სწორედ ფრონტის ამ მონაკვეთზე განვითარდა. გასული 24 საათის განმავლობაში ძირითადი ბრძოლები სოფელ ლობკოვესთან განვითარდა. სოფელი ამ დროისთვის ე.წ. ნაცრისფერ ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ აკონტროლებს დასახლებას.
სხვადასხვა, მათ შორის რუსული წყაროების ცნობითაც უკრაინას აქვს გარკვეული წინსვლა სოფელ ვერბოვესა და რობოტინეს შორის. ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუ რამხელა პროგრესზეა საუბარია, მაგრამ ადგილიდან გავრცელებული კადრებით ნათელი ხდება, რომ უკრაინამ ამ მონაკვეთზე გარკვეული დანაკარგები განიცადა.
გავრცელებული ცნობებით, რუსეთის დანაყოფების ნაწილმა საკუთარი პოზიციები მიატოვა სოფელ ლევადნისთან. სავარაუდოა, რომ ЗСУ-ს წინსვლა ყველაზე დიდი სოფელ ველიკა ნოვოსილკასთან, თუმცა მათი წინსვლა მას შემდეგ შეყოვნდა, რაც რუსეთმა ამ მონაკვეთზე მნიშვნელოვანი რეზერვები გადაისროლა.
დონეცკის ფრონტი - საომარი მოქმედებების ამ ზონაში უკრაინის არმიის შეტევები 5 ივნისიდან გააქტიურდა, მათ ფოკუსში ვუჰლედარის ხაზზე მდებარე დასახლება ნოვოდონეცკოე მოექცა. თავდაპირველი პროგრესის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ გასულ 48 საათში უკრაინის არმიის წინსვლა ამ მონაკვეთზე შეჩერებულია.
რუსეთის დანაყოფები კვლავ დიდი ძალებით ცდილობენ ქალაქ დონეცკის შემოგარენში მდებარე მარიინკის დაკავებას. სწორედ ამ მიზნით გადმოისროლეს ამ მონაკვეთზე კადიროვის დანაყოფები. დანაყოფების გაძლიერების მიუხედავად, ფრონტის ამ მონაკვეთზე ოკუპანტებს ჯერჯერობით არანაირი წინსვლა არ აქვთ.
კვლავ გაგრძელდა მძიმე ბრძოლები ქალაქ დონეცკიდან 2 კილომეტრში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის დასახლება ავდიისკასთან, რომლის დაკავებაც რუსებმა გასული ზამთრის კამპანიის ფარგლებში რამდენიმეჯერ ეცადნენ.
ბახმუტის ფრონტი - ამ მონაკვეთზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული 24 საათის განმავლობაში წინ წაიწიეს 2 კილომეტრით. პოლკ აზოვის ერთ-ერთ მეთაური, მაქსიმ ჟორინი წერს, რომ ქალაქის შემოგარენში მძიმე ბრძოლები გრძელდება.
ჯერჯერობით ოკუპანტების კონროლქვეშაა კლიშიივკა, რომლის მიმართულებითაც შეტევები უკრაინამ რამდენიმე დღის წინ გააქტიურა. ბრძოლები გრძელდება ბერხივკის წყალსაცავის მიდამოებშიც.
კონტექსტი
უკრაინის იერიშის გამხსნელ ფაზას აფასებენ დასავლელი სამხედრო ექსპერტები. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ იერიშის წარმატებულობის შეფასება ჯერჯერობით ნაადრევია.
"ჩემი ნაადრევი შთაბეჭდილებაა, რომ მიმდინარე იერიში უფრო მეტად ემსგავსება ხერსონის კამპანიას, ვიდრე ხარკივის. შესაბამისად ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ იერიში გამოფიტვის ფორმატში წარიმართებოდა არ არიან გაკვირვებულები",- წერს მაიკლ კოფმანი.
სამხედრო ექსპერტების უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიერ აგებული საფორტიფიკაციო ნაგებობის ფაქტორზე. მათი ცნობით, მიმდინარე იერიშის წინაპირობები ხარკივისა და ხერსონის კამპანიისგან განსხვავებით არ არის ხელსაყრელი უკრაინისთვის.
"კომბინირებულ შენაერთთა ოპერაციის წარმოება რუსეთის კარგად გამაგრებული პოზიციების წინააღმდეგ, საჰაერო უპირატესობის გარეშე ცხადია რთული იქნებოდა. მაგრამ გავრცელებული კადრები არ არის რეპრეზენტატული და მყარი დასკვნების გამოტანამდე მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ",- წერს რობ ლი.
უკრაინის დაზიანებული ჯავშანტექნიკის ვიდეო კადრების ფართე გავრცელებაზე წერს The Economist-ის თავდაცვის სექციის რედაქტორი, შაშანკ ჯოში. მისი თქმით, რუსები ხშირად ერთი და იმავე კოლონის განსხვავებული რაკურსით გადაღებულ კადრებს ავრცელებენ. შაშანკის თქმით, ამგვარად Z-ბლოგერები საინფორმაციო ველზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ.
სამხედრო ექსპერტების თქმით, დაზიანებული ჯავშანტექნიკის დიდი ნაწილი შეკეთებას ექვემდებარება და ეს არ უნდა ჩაითვალოს აუნაზღაურებელ დანაკარგად. ამაზე მეტყველებს ერთ-ერთი გერმანული ტანკის ამბავი, რომლის დაზიანების კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა, თუმცა მალევე გავრცელდა კადრები, რომელზეც იმავე ტანკი უკვე შეკეთებულია და ბრძოლის ველისკენ მიემართება.
მსგავსი რამ მოხდა გერმანული IRIS T-ის შემთხვევაშიც, რომლის განადგურების შესახებ იტყობინებოდნენ Z-ბლოგერები. მალევე აღმოჩნდა, რომ დანადგარი დაზიანებული იყო. BILD-ის ცნობით, ეს დანადგარი უკვე შეკეთებული საბრძოლო მორიგეობაზე დგას.
"გამაგრებული პოზიციების გათვალისწინებით, ის რომ უკრაინის კონტრიერიშის საწყის საათებში რუსები არ ჩავარდნენ პანიკაში და არ გაიქცნენ იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ფაზა უფრო მეტად გამოფიტვის ომით იქნება გამოხატული",- წერს ფრანც სტეფან-გადი.