მორავიეცკი: ვმუშაობთ ფართო კოალიციის შექმნაზე უკრაინისთვის ტანკების გადასაცემად

პოლონეთის პრემიერმა განაცხადა, რომ პოლონეთი არ იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს გადასცემს და ამ კუთხით უფრო ფართო კოალიციის შექმნაზე მუშაობს.

ამის შესახებ მატეუშ მორავიეცკიმ Wall Street Journal-ის პუბლიკაციას უპასუხა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პოლონეთი უკრაინისთვის გერმანული წარმოების Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემას განიხილავდა. 

"პრეზიდენტ დუდასთან ერთად ჩვეწ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომელიც მიმართული იქნება უფრო ფართო კოალიციის შექმნისკენ, კოალიციის, რომელიც შეძლებდა უკრაინისთვის უფრო მძიმე და თანამედროვე ტექნიკის მიწოდებას. მეტის თქმა არ შემიძლია, მოლაპარაკებები გრძელდება",- განაცხადა მორავიეცკიმ. 

პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი გერმანიის კანცლერთანაც განიხილა - "ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტს მომდევნო დღეებში გავიგებთ. ჩვენ ჩვენი უფრო მეტი ჩვენი ტანკის გაგზავნას ჯერჯერობით არ ვაპირებთ".

კონტექსტი

სხვადასხვა მონაცემებით ომის დაწყებიდან ამ დრომდე პოლონეთმა უკრაინას საბჭოთა წარმოების 240 ტანკი გადასცა. 

თავის მხრივ უკრაინელები უკვე დიდი ხანია თხოვენ გერმანიის მთავრობას Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემას. კანცლერი შოლცი ამ დრომდე აცხადებდა, რომ უკრაინისთვის დასავლური წარმოების ტანკების გადაცემის საკითხში ინიციატივას არ აიღებდა და მხოლოდ კოალიციურ ფორმატში იმოქმებდა. 

ბოლო კვირების განმავლობაში ამ კუთხით შოლცზე ქვეყნის შიგნით არსებული წნეხიც მნიშვნელოვნად გაიზარდა - უკრაინისთვის ტანკების გადაცემის მოთხოვნით გამოვიდა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ამას დიდი ხანია ითხოვენ ოპოზიციაში მყოფი ქრისტიან-დემოკრატები და შოლცის კოალიციური პარტნიორები მწვანეებიდან და თავისუფალი დემოკრატებიდან. 

მსგავსი სიახლეები