მოსადმა "ჰეზბოლას" პეიჯერებში ასაფეთქებელი ნივთიერებები მოათავსა - Sky News Arabia
Sky News Arabia წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ "ჰეზბოლას" პეიჯერების კოორდინირებული აფეთქება ლიბანში შესაძლებელი გახდა, რადგან "მოსადის" სადაზვერვო სააგენტომ ხელში ჩაიგდო "ჰეზბოლას" საკომუნიკაციო მოწყობილობები, სანამ ისინი ტერორისტულ დაჯგუფებას გადაეცემოდა.
მოსადმა პეიჯერებში პენტაერითრიტოლი, ძლიერი ასაფეთქებელი მასალა, მოწყობილობების ბატარეებზე მოათავსა.
Wall Street Journal წერდა, რომ "ჰეზბოლას" ზოგიერთმა წევრმა იგრძნო, რომ მათი პეიჯერები გახურდა და შემდეგ აფეთქდა.
Al Jazeera ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წყაროს ციტირებს, რომელიც ამბობს, რომ თითოეულ მოწყობილობაში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერების წონა 20 გრამზე ნაკლები იყო და აფეთქებული პეიჯერების იმპორტირება ხუთი თვის წინ მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება იმის თაობაზე, თუ როგორ გააქტიურდა ასაფეთქებელი ნივთიერება.
პეიჯერები, რომლებიც დღეს ლიბანსა და სირიაში აფეთქდა, ორგანიზაციამ მას შემდეგ შეიძინა, რაც ტერორისტული დაჯგუფების ლიდერმა ჰასან ნასრალამ თებერვალში წევრებს უბრძანა შეეწყვიტათ მობილური ტელეფონების გამოყენება, რადგან ისრაელის დაზვერვას მათი აღმოჩენა შეეძლო.
ექსპერტების თქმით, პეიჯერების აფეთქებები მიუთითებს დახვეწილ, დიდი ხნის წინ დაგეგმილ ოპერაციაზე, რომლის განხორციელებაც შესაძლებელი გახდა მიწოდების ჯაჭვში შეღწევით და პეიჯერებში ასაფეთქებელი ნივთიერებების მოთავსებით, სანამ ლიბანში მათი იმპორტი მოხდებოდა.
კონტექსტი
17 სექტემბერს, ისრაელის მიერ ორგანიზებული პეიჯერების აფეთქების შედეგად, ჰეზბოლას 9 მებრძოლი მოკვდა, 2750 კი დაშავდა.
აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა "ჰეზბოლას" თავდასხმების შეჩერება ომის ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაასახელა და განაცხადა, რომ მან ჩაშალა ირანის მარიონეტული დაჯგუფების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნის მკვლელობის მცდელობა.
ირანის სახელმწიფო მედია წერს, რომ ირანის ელჩი ლიბანში, მოჯთაბა ამანი მსუბუქად დაშავდა პეიჯერის აფეთქების შედეგად.
აფეთქებების ტალღა ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:45 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. უცნობია, როგორ ააფეთქეს მოწყობილობები, მაგრამ მედიასაშუალებებმა დაწერეს, რომ მფლობელებმა აფეთქებების წინ შეტყობინება მიიღეს.