მთავარი დარტყმის მოლოდინში - ЗСУ-ს იერიშის ქრონიკა, დღე 7

ფრონტის ვრცელ მონაკვეთზე გაუარესებული ამინდისა და რეზერვების გადასროლის გამო გასულ 24 საათში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა მკვეთრად შემცირდა და ძირითადად კვლავ საარტილერიო დუელების სახით გამოიხატებოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ძალისხმევა ამ დროისთვის ზაპორიჟიის ფრონტზე რუსების მიერ დატოვებული მოწინავე პოზიციების მონაკვეთის გასუფთავება და გამაგრებაა.
გავრცელებული ცნობები რეზერვების გადასროლა მიმდინარეობს ე.წ. ვრემიევსკის შვერილის მიმართულებით, სადაც კონტრიერიშის დაწყების შემდეგ ЗСУ-ს წარმატება ყველაზე არსებითია.
ცოტა ხნის წინ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ტავრიის დაჯგუფების მეთაურმა დონეცკის სამხრეთში, კერძოდ ვუჰლედარის რაიონში უკრაინული ქვედანაყოფების წინვლის შესახებ განაცხადა. "ვუჰლედართან ჩვენი მეომრები წინ მიიწევენ, მტრების განადგურება გრძელდება",- წერს ალექსანდრ ტარნავსკი.
დეტალები
უკრაინის კონტრიერიშის მიმდინარეობა შეაფასა ჩეხეთის პრეზიდენტმა და ნატოს სტრატეგიული ძალების ყოფილმა მეთაურმა, პეტრ პაველმა. მისი თქმით, გასული კვირის მოვლენები ჯერ კიდევ არ არის სრულმასშტაბიანი იერიშის დასაწყისი - "ჩემი სამხედრო გამოცდილებით მე ამას მაფორმირებელ ოპერაციებს დავარქმევდი."
პაველის თქმით, ამოცანები, რომლის მიღწევასაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მიმდინარე წელს ვერ მოახერხებენ მომდევნო წლის გაზაფხულამდე გადაიწევს. ჩეხეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მიმდინარე წელს დასავლეთში უკრაინის მაქსიმალურად გაძლიერებისთვის შესაძლებლობის ფანჯარად აღიქვამენ.
უკრაინის კონტრიერიშის მიმდინარეობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც - მისი თქმით, არავინ ფიქრობდა, რომ უკრაინელთა იერიში დანაკარგების გარეშე ჩაივლიდა, დასკვნების გამოტანა კი ჯერ ადრეა.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, იაპონია გეგმავს აშშ-ს 155 მილიმეტრის საარტილერიო ჭურვები გადასცეს, რომელსაც შემდგომ უკრაინა მიიღებს. გაზეთის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა შეთანხმების შემთხვევაში ეს აშშ-ს მისცემს მეტ მოქნილობას უკრაინის სამხედრო საჭიროებების უზრუნველყოფის კუთხით.
იაპონიამდე მსგავს შეთანხმებას მიაღწია აშშ-მ სამხრეთ კორეასთან. ჯერჯერობით ასევე უცნობია, თუ რა რაოდენობის ჭურვებზეა საუბარი. პენტაგონის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველთვიურად 155 მილიმეტრის რადიუსის 90 ათასს ჭურვებს იყენებს. იმავე წყაროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ვაშინგტონმა კიევს სულ 2 მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა.
ЗСУ-ს კონტრიერიშის შესახებ ვრცელი მასალა მოამზადა Reuters-მა. საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტები მიუთითებენ, რომ უკრაინის გენერალურმა შტაბმა კონტრიერიშის პირველ კვირაში ბრძოლაში 12 ახალი ბრიგადიდან მხოლოდ 3 ჩართო.
"სასტიკი ბრძოლების ერთი კვირის შემდეგ, კიევის კონტრიერიშის მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინ არის. უკრაინული დანაყოფები რუსეთის თავდაცვის ძირითადი ხაზებიდან გარკვეულ მანძილზე იმყოფებიან, ხოლო იერიშისთვის მომზადებული ძირითადი ძალები ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში არიან",- ნათქვამია Reuters-ის მასალაში.
სამხედრო ანალიტიკოსების ცნობით, ЗСУ-ს ძირითადი ძალები მობილიზებულია ტოკმაკის ხაზზე, უფრო ზუსტად კი ქალაქ ორიხივთან. უკრაინის კონფლიქტის მონიტორის Rochan Consulting-ის დამფუძნებლის თქმით, უკრაინისთვის მთავარი პრობლემა საჰაერო უპირატესობის არ არსებობა.
რა ხდება
ზაპორიჟიის ფრონტი - ამ მონაკვეთზე უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტივობა ძირითადად სოფელ რობოტინეს მიდამოებში განვითარდა, თუმცა ძირითადად პოზიციური საარტილერიო დარტყმების იყო გამოხატული. გაურესებული ამინდის გამო უკრაინელები კონცენტრირებულები არიან უკვე დაკავებული პოზიციების კონსოლიდაციაზე.
რუსეთის მიერ მოცულობითი რეზერვების გადასროლის ფონზე, ЗСУ-ს წინსვლა ბოლო დღეებში შეჩერდა ე.წ. ვრემიევსკის შვერილზე, რომელიც ზაპორიჟიისა და დონეცკის ოლქის საზღვარზე მდებარეობს. ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინულმა ძალებმა უკვე გაათავისუფლეს 4 სოფელი, თუმცა ჯერ მთლიანად შვერილს ვერ აკონტროლებენ.
ამ მონაკვეთზე ჯერჯერობით ოკუპანტების კონტროლქვეშ ან ე.წ. ნაცრისფერ ზონაში რჩება გეოგრაფიულად ბოლო სოფლები ურაჟაინოე, სტარომაიორსკი. მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ დასახლებებისთვის განვითარდება ძირითადი ბრძოლები მომდევნო დღეებში.
ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის შეაიარაღებული ძალების მთავარი სამიზნე მაღალი ალბათობით დასახლება სტარომლინოვკაა, რომელიც ძირითადად სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს და რომლის დაკავებაც უკრაინელებს ოპერაციულ სივრცეს გაუხსნის.
დონეცკის ფრონტი - გასული 24 საათის განმავლობაში დონეცკის ფრონტის მთელ გაყოლება მნიშვნელოვანი ბრძოლები არ განვითარებულა, მინიმუმამდე შემცირდა სახმელეთო დაჯგუფებების აქტივობა და გაგრძელდა ორმხრივი საარტილერიო დარტყმები.
ბრძოლები გაგრძელდა დონეცკიდან 2 კილომეტრის დაშორებით მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ავდიივკის შემოგარენში, კერძოდ სოფელ ვესელასთან.
რამდენიმეკვირიანი განუწყევეტელი შეტევების შემდეგ, ოკუპანტები წინსვლას ცდილობენ დასახლების ცენტრში, უკრაინული ანალიტიკური ცენტრის Deep State-ის მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსულ დანაყოფების მოქმედება ნაწილობრივ წარმატებული იყო.
ბახმუტის ფრონტი - გასული დღე-ღამის განმავლობაში ძირითადი ბრძოლები ამ მონაკვეთზე კვლავ ბერხივკისა წყალსაცავთან და სოფელ კლიშიივკასთან გაგრძელდა.
რუსული წყაროების ცნობით, ЗСУ-ს საარტილერიო დარტყმების შემდეგ აქვს გარკვეული წინსვლა კლიშიივკის მიმართულებით.
ბახმუტის ირგვლივ მიმდინარე ბრძოლებს გამოეხმაურა პოლკ აზოვის ერთ-ერთი მეთაური, მაქსიმ ჟორინი, რომლის დანაყოფიც ფრონტის სწორედ ამ მონაკვეთზე მოქმედებს. ჟორინის თქმით, მომდევნო კვირაში უკრაინული ძალები შეძლებენ ბახმუტის ირგვლივ ძირითადი სიმაღლეების დაკავებას, რის შემდეგაც ოკუპანტების პოზიციები უშუალოდ ბახმუტში მათი წვდომის არეალში იქნება.
კონტექსტი
უკრაინის კონტრიერიშის მიმდინარეობის შესახებ ვრცელი ანალიტიკური ჩანაწერი გამოაქვეყნა ბრიტანეთის გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) უფროსმა მკვლევარმა ჯეკ უოტლინგმა.
უოტლინგის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი უკრაინის კონტრიერიშის შედეგებზე, ვინაიდან უკრაინას ჯერ არ გამოუყენებია თავისი ქვედანაყოფების ძირითადი ბირთვი.
უოტლინგის თქმით, გასულ კვირაში განვითარებული ბრძოლები მძიმე იყო, მაგრამ მოსალოდნელია, რომ რუსების თავდაცვის ძირითადი ხაზების გარღვევასთან ერთად ეს ბრძოლები კიდევ უფრო მძიმე გახდება.
"რაც უფრო ღრმა იქნება უკრაინელთა პენეტრაცია რუსების თავდაცვის ხაზებში მით უფრო გაიზრდება ოკუპანტების არტილერიისგან მომავალი საფრთხე, ხოლო თავად ЗСУ-ს შესაძლებლობები აწარმოოს კონტრბატარეული ცეცხლი შემცირდება. გარდა ამისა უკრაინელები იძულებულები იქნებიან გაყვნენ უკვე გაკვალულ მარშრუტებს დანაღმულ ველებზე ეს კი ნიშნავს, რომ მათი მოძრაობის ტრაექტორია უფრო პროგნოზირებადი იქნება. გარდა ამისა, წინსვლის ფონზე უკრაინული დანაყოფები უფრო ნაკლებად იქნებიან დაცული ჰაერიდან",- წერს უოტლინგი.
მკვლევარი აღნიშნავს, რომ ამ პრობლემების გადასეჭრელად უკრაინელები ახლა 3 ამოცანაზე მუშაობენ -კონტრბატარეული ცეცხლის ორგანიზება და რუსების ლოჯისტიკისა და კონტროლის ჯაჭვის მოშლა. უკრაინელები ცდილობენ მაქსიმალურ მოძრაობაში მოიყვანონ რუსეთის რეზერვები თავდაცვის მესამე ხაზიდან ყველაზე რთულ მოწინავე პოზიციებზე. ასევე უკრაინელები ცდილობენ მიუხლოვდნენ თავდაცვის პირველ ხაზებს მაქსიმალურად ბევრ ადგილას, მათი მიზანია გაწელონ რუსული ქვედანაყოფები და ამყოფონ დაძაბულობაში თუ სად მიიტანენ მთავარ დარტყმას.
"გარკვეულ ეტაპზე უკრაინელებს მოუწევთ გადაწყვიტონ ფრონტის რომელ მონაკვეთზე ჩართონ თავიანთი დანაყოფების ძირითადი ბირთვი. ამის შემდეგ იერიში გადამწყვეტ ფაზაში შევა",- წერს უოტლინგი.
სამხედრო ექსპერტი მიუთითებს, რომ რუსეთის თავდაცვის ძირითადი ხაზის დაძლევის შემდეგ მთავარი შეკითხვა იქნება თუ რა რაოდენობის რეზერვები ექნება დარჩენილი უკრაინას მომენტუმის მაქსიმალურად განვითარებისთვის. უოტლინგის თქმით, ჯერჯერობით რუსეთის სამეთაურო და კონტროლის ჯაჭვი მეტნაკლებად ეფექტურად მუშაობს, მაგრამ საბრძოლო სულისკვეთებისა და წვრთნის ნაკლებობის ფონზე რუსეთის მხარეს ფრონტის ჩამოშლის ალბათობა არსებობს.
"ამგვარი წინაპირობების შექმნას უკრაინისგან სერიოზული ძალისხმევა დაჭირდება, მაგრამ თუ რუსები იძულებულები გახდებიან ამოძრავდნენ ამ პირობებში დაცვის სწრაფი კოლაფსი შესაძლებელია",- წერს უოტლინგი.
ბრიტანელი სამხედრო ექსპერტის თქმით, მიმდინარე ზაფხული უკრაინისა და მისი მოკავშირეებისთვის არაკომფორტული იქნება - "იქნება დანაკარგები და წარმატებას დრო დაჭირდება."