ნატო რუსეთის მიერ ჯარების გაყვანაზე: დეესკალაციას ვერ ვხედავთ

 

ნატოს გენერალური მდივანი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სამხედრო სწავლებების ნაწილი დასრულდა და სამხედროები მუდმივი დისლოკაციის წერტილებს უბრუნდებიან. 

სტოლტენბერგის თქმით, ნატოში რუსეთის მხრიდან დეესკალაციის ნიშნებს ვერ ხედავენ:

"ჯერჯერობით ჩვენ ვერ შევამჩნიეთ დეესკალაციის ვერანაირი ნიშნები. მეორეს მხრივ მოსკოვისგან მოდის სიგნალი, რომ დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს, ეს ფრთხილი ოპტიმიზმის იმედს იძლევა."

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა შეფასება, რომ მიმდინარე ესკალაცია ევროპის ბოლო ათწლეულების ისტორიაში უპრეცედენტოა.

"რუსეთმა უკრაინაში და მის ირგვლივ ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული უპრეცედენტო რაოდენობის ჯარებს მოუყარა თავი, თავდასხმისთვის ყველაფერი მზად არის. მაგრამ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო ერთი ნაბიჯით მოშორდეს უფსკრულს და უარი თქვას ომისთვის მზადება",- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. 

______________________________________________

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქებში მიმდინარე სამხედრო წვრთნების ნაწილი დასრულებულია და ადგილზე მობილიზებული სამხედროები მუდმივი დისლოკაციის წერტილებში ბრუნდებიან. 

"საბრძოლო მზადყოფნის ღონისძიებების დასრულებასთან ერთად, როგორც ყოველთვის, სამხედრო ნაწილები განახორციელებენ კომბინირებულ მარშს მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე",- განაცხადა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.

კონაშენკოვის განცხადებას წინ უძღოდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც შოიგუმ განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნების დიდი ნაწილი უახლოეს დღეებში დასრულდებოდა და სამხედროები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდებოდნენ. 

ამავე შეხვედრაზე დასავლეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც. პუტინის მიერ დასმულ შეკითხვაზე ლავრვოვმა უპასუხა, რომ დასავლეთთან მოლაპარაკების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. 

მოგვიანებით გავრცელდა კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებაც იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებისთვის მზად არის

ამასთანავე, დღეს ვლადიმირ პუტინს ეწვევა კიევიდან ჩასული გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. 

დღესვე რუსეთის სახელმწიფო დუმა განიხილავს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ დარეგისტრირებულ ორ კანონპროექტს

მსგავსი სიახლეები