ნიდერლანდების პრემიერი: უკრაინისთვის Patriot-ის გადაცემას ვაპირებთ
აშშ-სა და გერმანიის შემდეგ ნიდერლანდები მესამე სახელმწიფო იქნება, რომელიც უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის.
ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდური De Telegraaf ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯო ბაიდენთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ პრემიერმა მინისტრმა, მარკ რიუტემ განაცხადა - "ჩვენ ვაპირებთ შევუერთდეთ გერმანიას და აშშ-ს და უკრაინას Patriot-ის სისტემა გადავცეთ".
რიუტეს არ დაუზუსტებია თუ როდის და რამდენ ბატარეას გადაცემენ უკრაინას. ჰოლანდიის პრემიერის თქმით, უკრაინის დასახმარებლად ნიდერლანდები 2.5 მილიარდს დახარჯავს.
ომის დაწყებიდან ამ დრომდე ნიდერლანდებმა უკრაინას 850 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცა.
კონტექსტი
უკრაინა დასავლური წარმოების თავდაცვის სისტემებს ფართომასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ითხოვდა - გასული თვეების განმავლობაში უკრაინამ დასავლური წარმოების რამდენიმე სისტემა მიიღო, თუმცა Patriot მათ შორის ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე და დახვეწილი სისტემაა.
ამ ტიპის შეიარაღების გადაცემის შესახებ გავრცელებული ხმები ოფიციალურად ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში გამართული ვიზიტის დროს დადასტურდა. აქედან მალევე, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიისგან დახმარების ახალ პაკეტში უკრაინა Marder-ებთან ერთად Patriot-ის 1 ბატარეასაც მიიღებდა.