ნიდერლანდებში ორი ახალი ატომური ელექტროსადგური აშენდება
ნიდერლანდების ახალი სამთავრობო კოალიციის შეთანხმების მიხედვით, ქვეყანაში ორი ახალი ატომური ელექტროსადგური აშენდება
პრემიერ-მინისტრი მარკ რუტეს ლიბერალური VVD, ცენტრისტული D66, ქრისტიან-დემოკრატიული CDA და ქრისტიანული კავშირი სხვადასხვა საკითხებზე შეთანხმდნენ და ცხრათვიანი მოლაპარაკებები დაასრულეს.
მარკ რუტე ქვეყნის პრემიერი მეოთხე ვადით გახდება.
შეთანხმება მოიცავს ნულოვანი ნახშირბადის ენერგიაზე გადასვლას, რომლის ფარგლებშიც, ქვეყანაში არსებული ატომური ელექტროსადგური შენარჩუნდება და დამატებით კიდევ ორი აშენდება.
ახალ მთავრობაში კლიმატის და ეკონომიკის სამინისტრო გაიყოფა და ახალი, კლიმატისა და ენერგეტიკის სამინისტრო შეიქმნება, რომლის შემადგენლობაშიც კლიმატის და ტრანზიციის 35 მილიარდ ევროიანი ფონდი შევა. ეს თანხა ახალი, მწვანე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში დაიხარჯება.
ახალი ხელისუფლება ასევე მიზნად ისახავს, რომ ყველა ახალი ავტომობილი 2030 წლისთვის ნულოვანი ნახშირბადის ემისიის იყოს, გაიზრდება ავიაბილეთების გადასახადიც.