ნიდერლანდებში ვადამდელი არჩევნები 22 ნოემბერს ჩატარდება

ნიდერლანდების შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰანკე ბრუინს სლოტმა პარასკევს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა, რომელიც მარკ რუტეს მთავრობის გადადგომის გამო ტარდება.

ამის შესახებ ჰოლანდიის მთავრობის განცხადებაში ვკითხულობთ.

ნიდერლანდების მთავრობამ არჩევნების თარიღად 22 ნოემბერი აირჩია "ამ არჩევნების მიზანშეწონილობისა და ფრთხილად ორგანიზების მნიშვნელობიდან გამომდინარე, რადგან მომზადებისთვის დრო მცირეა."

ჰოლანდიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ არჩევნების ორგანიზებისთვის საჭირო იქნება "ათასობით მოხალისე" და მათ მოუწოდა, ადგილობრივ ხელისუფლებას უახლოეს კვირებში მიმართონ.

ჰოლანდიის საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კანდიდატურის წარდგენის დღე 9 ოქტომბერი იქნება. თუმცა უკვე ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრი რუტე კენჭს არ იყრის.

გასული კვირის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ მთავრობის გადადგომა და მოულოდნელად პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება გამოაცხადა. კოალიციის დაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო მხარეთა უთანხმოება, თუ როგორ უნდა გამკაცრდეს კონტროლი მიგრაციაზე.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, მარკ რუტეს კიდევ ერთი ვადით ხელისუფლებაში დარჩენას მოქალაქეების 72% არ უჭერს მხარს.

მსგავსი სიახლეები