პელოსი: აშშ ჩინეთის მიერ ტაივანის სტატუს-კვოს შეცვლას ვერ დაუშვებს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ ამერიკა ჩინეთის მხრიდან ტაივანზე ზეწოლის გაძლიერებას „ვერ დაუშვებს“.

პელოსი კუნძულის გარშემო მასშტაბურ ჩინურ სამხედრო წვრთნებს გამოეხმაურა, რომელიც პეკინმა ტაივანში სპიკერის ვიზიტის შემდეგ მოაწყო.

„ჩინეთის მხრიდან ვხედავთ, რომ რაღაც ახალი სტატუს-კვოს შექმნას ცდილობენ. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა პელოსიმ პრეს-კონფერენციაზე, რომელშიც კონგრესის დელეგაციის სხვა წევრებიც მონაწილეობდნენ.

„ჩვენ ტაივანში ჩავედით, რათა მათთვის ჩვენი მეგობრობა დაგვემტკიცებინა, გვეთქვა, რომ ჩინეთი მათ იზოლაციას ვერ შეძლებს“, - განაცხადა პელოსიმ კუნძულზე ვიზიტის კრიტიკის საპასუხოდ.

ჩინეთის სახალხო განთავისუფლების არმიაში (PLA) აცხადებენ, რომ ტაივანის მახლობელ წყლებში სწავლება დასრულდა, თუმცა რეგიონის „რეგულარულ“ პატრულირებას გააგრძელებენ.

წვრთნების ფარგლებში პეკინმა ტაივანის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაისროლა.

ჩინეთის სამხედრო მანევრების საპასუხოდ წვრთნები გამართა ტაივანის თავდაცვის ძალებმაც.

პელოსი პეკინის მიერ მის სანქცირებულთა სიაში შეყვანასაც გამოეხმაურა. „ვის ადარდებს? ჩემთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა კონგრესის გავლენიანმა ლიდერმა.

 

მსგავსი სიახლეები