პენტაგონი: რუსეთი დონბასში ჯარებს აგროვებს, მაგრამ მათი მოტივაცია დაბალია

რუსეთი დონბასში ჯარების რაოდენობას ზრდის და იქ უკვე 105 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი (BTG) განათავსა. ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს 13 მაისს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

"ჩვენი შეფასებით, რუსეთს ახლა უკრაინაში 105 მოქმედი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი ჰყავს. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ახალი BTG-ების შემოყვანას დონბასში", - თქვა მან.

"რუსეთის არმიის მორალი კვლავ პრობლემად რჩება," - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. "პენტაგონი იღებს მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ ჯარისკაცები უარს ამბობენ ბრძანებების შესრულებაზე ან არ იბრძვიან ისე აგრესიულად, როგორც მათ ეუბნებიან ან მათგან მოელიან."

"ზოგიერთი ოფიცერი უარს ამბობს ბრძანებების შესრულებაზე. მაგრამ ეს არის იზოლირებული შემთხვევები. ჩვენ არ გვაქვს ზოგადი წარმოდგენა დონბასში არსებული თითოეული ქვედანაყოფის შესახებ", - თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მსგავსი პრობლემები არ აქვთ.

"ისინი 2014 წლიდან იბრძვიან და აქვთ ბრძოლის ძალიან ძლიერი მოტივაცია", - აღნიშნა მან.

29 აპრილს პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე 92 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი მოქმედებდა, მაგრამ ყველა მათგანი არ იყო 100%-იან საბრძოლო მზადყოფნაში.

CNN აცხადებს, რომ ერთი BTG 1000 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება.

მსგავსი სიახლეები