მედვედევი, პესკოვი და ზახაროვა სენატორ გრემს აკრიტიკებენ
რამდენიმე რუსი ოფიციალური პირი და პოლიტიკოსი კვირას ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის განცხადებებს გამოეხმაურა. ისინი აცხადებენ, რომ სენატორი "რუსების მკვლელობას" საუკეთესო ინვესტიციას უწოდებს, რომელიც აშშ-ს შეეძლო.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ ვიდეოში, რესპუბლიკელი სენატორი რუსეთთან ომს და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განიხილავს.
ზელენსკი მას ეუბნება, რომ ომი უკრაინისთვის მიმდინარეობს ლოზუნგით "იცხოვრე თავისუფლად ან მოკვდი." "ახლა ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფლად", - ამბობს ზელენსკი. "და რუსები კვდებიან", - თქვა გრემმა. ამის შემდეგ სენატორი ამბობს: "ასე კარგად არასდროს დაგვიხარჯავს ფული."
ზელენსკი ამ ფრაზის შემდეგ მადლობას უხდის ვაშინგტონს უკრაინას იარაღის მიწოდებისთვის.
რუსეთის ხელისუფლებამ და პროპაგანდამ სენატორის განცხადება ისე თარგმნა, თითქოს გრემმა რუსების მკვლელობას (და არა უკრაინის დახმარებას) უწოდა აშშ-ს საუკეთესო ინვესტიცია.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა: "რთული წარმოსადგენია ქვეყნისთვის იმაზე დიდი სირცხვილი, როგორიც ასეთი სენატორების ყოლაა", ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ შეერთებული შტატები ნაცისტური გერმანიის დაფინანსებაში დაადანაშაულა: "კოკა-კოლას ქარხანა კიოლნში გერმანიის მთავრობის მიერ მის ნაციონალიზაციამდე რეგულარულად აწვდიდა სოდას, მათ შორის გერმანელ ჯარისკაცებს. და ცნობილი ფანტა საერთოდ ნაცისტებმა გამოიგონეს."
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა სენატორის განცხადებებს გამოეხმაურა და წერს, რომ შეერთებულ შტატებში "რეგულარულად კლავენ არამარტო უბრალო ადამიანებს, არამედ ბინძურ ფულსაც ხარჯავენ სენატორების მკვლელობაზე."
"გაიხსენოს რობერტ კენედის, ჰუი ლონგის, კლემენტა კარლოს პინკნის, ჯონ მილტონ ელიოტის, უეინ ოუენსის და სხვა ამერიკელი პოლიტიკოსების სამწუხარო ბედი", - დაწერა მედვედევმა და სხვადასხვა დროს დაღუპული ამერიკელი სენატორების სახელები ჩამოთვალა.