პირველად 1976 წლის შემდეგ აშშ-ს ეკონომიკური ზრდა ჩინეთისას აჭარბებს
პირველად 1976 წლის შემდეგ აშშ-ს ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლოა ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას გადააჭარბოს.
ამის შესახებ Bloomberg-ის მიერ მომზადებულ მასალაშია ნათქვამი, რომელიც გამოცემის მიერ გამოკითხულ ეკონომისტებს ეყრდნობა.
გამოცემის მიერ გამოკითხული ეკონომისტების ვარაუდით, წელს ჩინეთის ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით გაიზრდება, მაშინ როდესაც აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ შესაძლოა 2.8% შეადგინოს.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის წლევანდელი გეგმით ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 5.5% უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ გეგმებს ხელი პრეზიდენტ სი ძინფინგის კოვიდ-პოლიტიკამ შეუშალა. ცნობილია, რომ ჩინეთის კომპარტიის ლიდერი კოვიდთან მიმართებით ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის მომხრეა, რაც ინფიცირების შემთხვევების აღსაკვეთად მასშტაბურ ლოქდაუნებს და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს.
ამგვარმა მიდგომამ ჩინეთისთვის შედარებით დადებითი შედეგი გამოიღო პანდემიის საწყის ეტაპზე, თუმცა მოგვიანებით ომიკრონის შტამის წინააღმდეგ ჩინური ვაქცინების დაბალი ეფექტურობის ფონზე, ეს პოლიტიკა კვლავინდებურად ეფექტური არ აღმოჩნდა.
უკვე რამდენიმე კვირაა შანხაი, ჩინეთის უმსხვილესი საპორტო ქალაქი უმკაცრესი ლოქდაუნის პირობებში ცხოვრობს. შანხაიში ეკონომიკური აქტივობის შემცირებამ მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია ჯამურად ეკონომიკურ ზრდაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგანაც ექსპორტის დიდი ნაწილი, სწორედ შანხაის პორტებით გადის.
სავარაუდოა, რომ ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედა ჩინეთის სახელმწიფოს პოლიტიკამ კერძო ტექნოლოგიურ კომპანიებთან დაკავშირებით - ბოლო თვეების განმავლობაში უმსხვილეს ჩინური კომპანიებში მკვეთრად გაიზარდა სახელმწიფოს როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ ჩინეთის მიერ დასახული გეგმა 5.5%-იან ზრდასთან დაკავშირებით ისედაც ყველაზე მოკრძალებული პროგნოზი იყო - პანდემიურ 2020 წელსაც კი ჩინეთი მშპ-ს ზრდამ 2.2% შეადგინა.
ამგვარად, პირველად დენ სიაოპინის ეკონომიკური რეფორმების შემდეგ შესაძლოა აშშ-ს ეკონომიკურმა ზრდამ ჩინეთისას გადააჭარბოს. საინტერესოა, რომ ასეთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა გასული წლის ბოლო კვარტალში - მაშინ ჩინეთის ეკონომიკის ზრდამ 4% შეადგინა, ხოლო აშშ-ს 5.5%.