პისტორიუსი: ჩვენი ტანკები უკრაინამ შეიძლება ამერიკული ტანკების გარეშეც მიიღოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინისთვის გერმანული წარმოების Leopard 2-ების გადაცემა არ არის დაკავშირებული იმაზე გადასცემს თუ არა აშშ თავის ტანკებს უკრაინას. 

ბორის ბისტორიუსის სიტყვებს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ARD ავრცელებს

"ჩემთვის არაფერია ცნობილი ასეთი ურთიერთკავშირის შესახებ",- ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას - რამდენად მართალი იყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, გერმანია ტანკების გადაცემის გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს თუ მანამდე აშშ- უკრაინას Abrahams-ის ტანკებს გადასცემს.

ბორის პისტორიუსის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ოლაფ შოლცსა და ჯო ბაიდენს შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს - "მე დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ, მაგრამ დღეს არ შემიძლია გითხრათ თუ როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება." 

კონტექსტი 

Wall Street Journal-ის ცნობით ოლაფ შოლცმა სატელოფონო საუბარში ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ გერმანია მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება უკრაინისთვის Leopard-ების გადაცემას, თუ ამერიკელები უკრაინას Abrams-ის ტანკებს გადასცემს. 

თავის მხრივ შოლცი საჯარო გამოსვლებში ხშირად აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანია მარტო არ იმოქმედებს და ინიციატივას საკუთარ თავზე არ აიღებს. 

უკვე რამდენიმე თვეა უკრაინა გერმანიისგან Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემას ითხოვს. 10 იანვარს POLiTICO წერდა, რომ საფრანგეთი და პოლონეთი გერმანიაზე დიპლომატიურ ზეწოლას ცდილობდნენ. 

წნეხი კიდევ უფრო გაიზარდა ბოლო დღეებში - უკრაინისთვის ამ ტიპის ტანკების გადაცემის მზაობის შესახებ უკვე განაცხდეს პოლონეთის და ფინეთის ლიდერებმა. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ამისთვის გერმანიის თანხმობა დაჭირდებათ, რადგანაც ტანკები გერმანული წარმოებისაა. 

მიუხედავად ამისა, პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ პოლონეთის Leopard-ებს უკრაინა გერმანიის თანხმობის გარეშეც მიიღებს. თავის მხრივ უკვე ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთი ურკაინას თავისი წარმოების მძიმე საბრძოლო ტანკებს გადასცემს, ხოლო საფრენგეთი მსუბუქი ტიპის ტანკების გადაცემას დათანხმდა. 

მოსალოდნელია, რომ Leopard-ების გადაცემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 20 იანვარს რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, უკრაინის თავდაცვის ჯგუფის მორიგი შეხვედრის ფარგლებში მიიღებენ. 

 

მსგავსი სიახლეები