პისტორიუსი: რამშტაინის ფორმატში ტანკების საკითხზე ერთიანი შეთანხმება ჯერ არ არის
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, დასავლელი მოკავშირეები ვერ მივიდნენ ერთიან გადაწყვეტილებამდე კიევისთვის Leopard-ის გადაცემის საკითხზე.
ბორის პისტორიუსის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო FAZ ავრცელებს.
"არ არის ერთსულოვანი გადაწყვეტილება. არის წონადი არგუმენტები გადაცემის სასარგებლოდ და არის წონადი არგუმენტები ტანკების გადაცემის წინააღმდეგ",- განაცხადა პისტორიუსმა.
პისტორიუსი განმარტავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და უცნობია როდის გადაწყდება ეს საკითხი.
ამავდროულად პისტორიუსმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მისი მინისტრად დანიშვნის პირველი დღით გასცა შესაბამისი განკარგულება, რომლის მიზანიც შესაბამისი მარაგების შემოწმება და აღრიცხვაა.
"ეს ყველაფერი არის იმ დღის მოსამზადებელი პროცესი, რომელიც შეიძლება დადგეს",- თქვა პისტორიუსმა.
ამასთანავე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა არ უპასუხა კითხვას მისცემს თუ არა გერმანია ნებართვას პოლონეთს და იმ სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც მზად არიან უკრაინას საკუთარი ტანკები გადასცენ. პისტორიუსის თქმით, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კანცლერმა შოლცმა მიიღოს.
კონტექსტი
Wall Street Journal-ის ცნობით ოლაფ შოლცმა სატელოფონო საუბარში ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ გერმანია მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება უკრაინისთვის Leopard-ების გადაცემას, თუ ამერიკელები უკრაინას Abrams-ის ტანკებს გადასცემს.
თავის მხრივ შოლცი საჯარო გამოსვლებში ხშირად აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანია მარტო არ იმოქმედებს და ინიციატივას საკუთარ თავზე არ აიღებს.
უკვე რამდენიმე თვეა უკრაინა გერმანიისგან Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემას ითხოვს. 10 იანვარს POLiTICO წერდა, რომ საფრანგეთი და პოლონეთი გერმანიაზე დიპლომატიურ ზეწოლას ცდილობდნენ.
წნეხი კიდევ უფრო გაიზარდა ბოლო დღეებში - უკრაინისთვის ამ ტიპის ტანკების გადაცემის მზაობის შესახებ უკვე განაცხდეს პოლონეთის და ფინეთის ლიდერებმა. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ამისთვის გერმანიის თანხმობა დაჭირდებათ, რადგანაც ტანკები გერმანული წარმოებისაა.
მიუხედავად ამისა, პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ პოლონეთის Leopard-ებს უკრაინა გერმანიის თანხმობის გარეშეც მიიღებს. თავის მხრივ უკვე ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთი ურკაინას თავისი წარმოების მძიმე საბრძოლო ტანკებს გადასცემს, ხოლო საფრენგეთი მსუბუქი ტიპის ტანკების გადაცემას დათანხმდა.
მოსალოდნელია, რომ Leopard-ების გადაცემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 20 იანვარს რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, უკრაინის თავდაცვის ჯგუფის მორიგი შეხვედრის ფარგლებში მიიღებენ.