ექვსი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები 2022 წელს

 

მომავალ წელს საარჩევნო ციებ-ცხელებაში ოცდაათზე მეტი ქვეყანა შეაბიჯებს. განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩევლები ხმას მისცემენ როგორც ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციის მქონე ქვეყნებში, ისე ახალბედა დემოკრატიებში და ე. წ. „ჰიბრიდულ რეჟიმებში“ - სადაც საარჩევნო უფლება ძვირად ფასობს.

ქვემოთ 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების ჩამონათვალს გთავაზობთ:

 

სამხრეთ კორეა

 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი

 

მარტში საარჩევნო უბნებს სამხრეთ კორეელები მიაშურებენ. ქვეყნის მოქმედი ლიდერი მუნ ჯე ინი საპრეზიდენტო ვადის შეზღუდვის გამო არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს. საპრეზიდენტო რბოლაში ერთმანეთს მემარცხენე ფრთის ფავორიტი ი ჯე მიონგი და კონსერვატიული ფლანგის რჩეული იუნ სოკ იოლი დაუპირისპირდებიან. ლი ჩინეთთან „რბილი“ კურსის გატარების მომხრეა და ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების დალაგება სურს, მისი მეტოქე კი პეკინის ექსპანსიის დასაბალანსებლად ამერიკელებთან ალიანსის განმტკიცებას აპირებს.

 

საფრანგეთი

 

მარცხნიდან მარჯვნივ - ერიკ ზემური, ვალერი პეკრესი, ემანუელ მაკრონი, მარინ ლე პენი

 

აპრილში ქვეყნის ლიდერს რესპუბლიკური ტრადიციების სამშობლოში აირჩევენ. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ძალაუფლების მეორე ვადით შენარჩუნებას შეეცდება. აქამდე მაკრონის მთავარ კონკურენტად ულტრამემარჯვენეების ტრადიციული კანდიდატი მარინ ლე პენი განიხილებოდა (რომელსაც მაკრონმა 2017-ში სძლია). საფრანგეთის პოლიტიკური ცხოვრება მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა არჩევნებში რადიკალური ხედვების მქონე პუბლიცისტის, ერიკ ზემურის ჩაბმამ. უკვე საკმაოდ გადატვირთულ ველზე შემოაბიჯა რესპუბლიკელმა ვალერი პეკრესმა, რომელიც მემარჯვენე ისტებლიშმენტის სახედ ითვლება. 2021 წელს გერმანიაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საფრანგეთის არჩევნები ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე ყურადსაღები მოვლენა იქნება.

 

უნგრეთი

 

მარცხნივ - ვიქტორ ორბანი; მარჯვნივ - პეტერ მარკი-ზაი

 

იმავე თვეში საარჩევნო შტორმი თავს ცენტრალური ევროპის „ჭირვეულ“ ქვეყანას დაატყდება. ულტრამემარჯვენე ხედვებით ცნობილი ვიქტორ ორბანის ძალაუფლების ეშელონებიდან ჩამოშორებას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, კონსერვატორი პეტერ მარკი-ზაი შეეცდება. ორბანს ბევრი ადანაშაულებს ქვეყნის „არალიბერალურ“ რელსებზე შეყენებაში - რაც მედიის და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაში გამოიხატება. ამის გამო უნგრეთს ურთიერთობა ბრიუსელთან განსაკუთრებით დაეძაბა. მარკი-ზაის გამარჯვება უნგრეთის დასავლეთისკენ „მიბრუნების“ მანიშნებელი იქნება.

 

ფილიპინები

 

მარცხნიდან მარჯვნივ - ფერდინანდ მარკოსი, ისკო მორენო, მანი პაკიაო

 

მაისში პოლარიზებულ გარემოში ჩატარდება არჩევნები კუნძულოვან ფილიპინებში. მოქმედ ლიდერ როდრიგო დუტერტეს, რომელიც მმართველობის პოპულისტური და ავტოკრატიული მეთოდებით გამოირჩეოდა, საპრეზიდენტო სკამის დატოვება მოუწევს. დუტერტეს მემკვიდრედ ფილიპინების გარდაცვლილი დიქტატორის ვაჟს, ფერდინანდ მარკოსს განიხილავენ - რომელმაც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დუტერტეს ქალიშვილი წამოაყენა. ოპოზიცია, რომელსაც მარკოსის და დუტერტეს რეპრესიები მწარედ ახსოვს, იმედებს ვიცე-პრეზიდენტ ლენი რობრედოზე ამყარებს.

 

ბრაზილია 

 

მარცხნივ - ლუის იგნასიო ლულა და სილვა; მარჯვნივ- ჟაირ ბოლსონარუ

ოქტომბერში საარჩევნო ყუთებს გახსნიან ლათინური ამერიკის ყველაზე დიდ ქვეყანაში. ჟაირ ბოლსონარუს, რომელიც ხელისუფლებაში კორუმპირებულ სისტემასთან ბრძოლის დაპირებით მოვიდა, განსაცდელი ელის. გაუარესებულმა ეკონომიკურმა ფონმა და კოვიდ-სიტუაციამ ბევრი ბრაზილიელი მემარცხენე ბანაკისკენ მიაბრუნა, რომლის ლიდერად ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო „ლულა“ და სილვა მოიაზრება. ორი პოპულისტი, ქარიზმატული ლიდერის დაპირისპირება ბრაზილიაში საარჩევნო კარნავალს გვპირდება.

 

აშშ

 

 დემოკრატებს შესაძლოა ხელისუფლების საკანონმდებლო შტოზე კონტროლის დათმობა მოუწიოთ

 

საარჩევნო წელს ნოემბერში აშშ-ს კონგრესის არჩევნები დაასრულებს. შუალედური არჩევნები, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის მომდევნო წელს იმართება, ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან წყალგამყოფად ითვლება. მოსალოდნელია, რომ დემოკრატები საკანონმდებლო ორგანოს ერთპიროვნულ კონტროლს დაკარგავენ. რესპუბლიკური პარტიის ისტებლიშმენტი წარმომადგენლობით პალატაში დამატებითი მანდატების მოპოვებას შეეცდება. ძალებს იკრებს დონალდ ტრამპიც - პოლიტიკური მძიმეწონოსანი, რომელიც საკუთარ თავს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უსამართლოდ დამარცხებულად მიიჩნევს. მარცხის შემთხვევაში ბაიდენის პარტია მასშტაბური საბიუჯეტო კანონპროექტების კონგრესში გატანას, დიდი ალბათობით, ვეღარ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები