პოლონეთი უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში მხარდაჭერას დაჰპირდა
პოლონეთი, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, მზადაა დაეხმაროს უკრაინას სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტში მას შემდეგ, რაც რუსეთმა გამოაცხადა "მარცვლეულის შეთანხმებაში" მონაწილეობის შეჩერების შესახებ. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე განაცხადა.
"რუსეთის გადაწყვეტილება შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეჩერების კიდევ ერთი დასტურია, რომ ის არ აპირებს რაიმე საერთაშორისო შეთანხმების დაცვას. პოლონეთი, ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად, მზადაა შემდგომში იმუშაოს, რათა დაეხმაროს უკრაინას და საჭირო პროდუქციის ექსპორტირებაში." - აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
კონტექსტი
29 ოქტომბერს რუსეთმა "მარცვლეულის შეთანხმებაში" მონაწილეობის შეჩერების შესახებ განაცხადა. ამის მიზეზად "შავი ზღვის ფლოტის გემებისა და სამოქალაქო გემების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის" დასახელდა, რომლებიც "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ.
იმავე დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა, "მარცვლეულის ინიციატივაში" რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესახებ განაცხადა, რომ რუსეთი "ფიქტიურ ტერორისტულ თავდასხმებს აწყობს საკუთარ ობიექტებზე".
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვაო პორტებიდან ექსპორტი დაბლოკა. მაისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პორტებში 22 მილიონი ტონა მარცვლეული იყო დაბლოკილი, რომელიც ექსპორტზე უნდა გასულიყო.
22 ივლისს თურქეთში ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის შესახებ. უკრაინამ დოკუმენტს ხელი თურქეთთან და გაეროსთან მოაწერა, იგივე გააკეთა რუსეთმაც.
ექსპორტის განბლოკვის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი 1 აგვისტოს დილით დატოვა.