პრეზიდენტ ბაიდენის გამოსვლა - ძირითადი აქცენტები

22 თებერვალს, თეთრ სახლში ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ლუჰანსკისა და დონცკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებზე ისაუბრა.

"ჩვენ დავაწესებთ იმაზე მკაცრ სანქციებს, ვიდრე ეს 2014 წელს იყო. ე.წ. სახელმწიფოების აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა. მოკავშირეებთან ერთად უკვე თვეებია ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს როგორ ვუპასუხებთ რუსეთის ქმედებებს. ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ორ დიდ რუსულ ფინანსურ ისნტიტუტს, VEB-ს და სამხედრო ბანკს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობას ვუჭრით დასავლურ ფინანსებზე წვდომას. 

ჩვენ ასევე სანქციებს ვუწესებთ რუსეთის ელიტებს და მათ ოჯახის წევრებს. ისინი კრემლის კორუფციით სარგებელს იღებენ და სასჯელიც უნდა გაიზიარონ", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა

"ჩვენ ვმუშაობდით გერმანიის ხელისუფლებასთან, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო, რომ Nord Stream 2 არ ამუშავდება. თუ რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენი საპასუხო ნაბიჯებიც მზად გვაქვს. აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი კიდევ უფრო მძიმე ფასს გადაიხდის, მათ შორის, მიიღებს დამატებით სანქციებს", - გააფრთხილა რუსეთი აშშ-ს პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას და ევროპაში დისლოცირებული ამერიკული ჯარები ბალტიისპირეთის ქვეყნებში შევლენ მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:

"დღეს, რუსეთის მიერ ბელარუსში თავისი ჯარების დატოვების ფონზე, უკვე მივეცი ბრძანება ჩვენ ჯარებს, რომ გააძლიერონ ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრები, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არის თავდაცვითი მანევრი. ჩვენ არ გვსურს რუსეთთან ომი, მაგრამ გვინდა ძალიან ღიად ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად დაიცავს ნატოს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს."

ამასთანავე, ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხე მაღალია, მათ შორის, დედაქალაქ კიევზე თავდასხმის. მისივე განმარტებით, უკრაინის საზღვართან 150 000-ზე მეტი რუსი სამხედრო ისევ არის მობილიზებული.

 

მასალა განახლებადია.

მსგავსი სიახლეები