პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, ორბანი პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა
მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი თანამდებობიდან გადადგა, ვიქტორ ორბანი პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.
10 თებერვალს კატალინ ნოვაკმა, მოზარდებზე სექსუალურ ძალდობაში მსჯავრდებული ბავშვთა სახლის ყოფილი დირექტორის მოადგილის შეწყალების გამო, პრეზიდენტის პოსტი დატოვა.
კატალინ ნოვაკმა პრეზიდენტის თანამდებობა 2022 წლის მაისში დაიკავა. 2020-2021 წლებში ის საოჯახო საქმეთა მინისტრის პოსტზე იმყოფებოდა.
სახელმწიფო ბავშვთა სახლის დირექტორის მიერ 2004-2016 წლებში მინიმუმ 10 მოზარდზე სექსუალური ძალადობის ფაქტების დაფარვის გამო, დირექტორის მოადგილეს 2018 წელს სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
კატალინ ნოვაკმა სექსუალურ ძალადობაში თანამონაწილეობისთვის მსჯავრდებული 2023 წლის აპრილში შეიწყალა.
კრიტიკის ქარცეცხლში ნოვაკის გარდა, უნგრეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, იუდით ვარგაც მოექცა, რომელიც შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
აღსანიშნავია, რომ იუდით ვარგამ საპარლამენტო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
„ვიქტორ ორბანს არ რცხვენია, რომ პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად ორი ქალის კალთას ამოეფარა. ამ თემის ასე დახურვა არ შეიძლება“, - ანა დონატი, უნგრეთის ოპოზიციური პარტიის, „Momentum-ის“ დეპუტატი.
კატალინ ნოვაკისა და იუდით ვარგას გადადგომის შემდეგ, ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათმა გადადგომამ პრემიერ-მინისტრი შესაძლო სკანდალისგან იხსნა და პოლიიტკური ძალაუფლების შერყევისგან იხსნა.
„დემოკრატიულმა კოალიციამ“, უნგრეთის უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, კატალინ ნოვაკის მემკვიდრის მმართველი პარტიის მიერ დანიშვნის ნაცვლად, პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.
ფერენც გიურჩანმა, 2004-2009 წლებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ორბანის ორი უახლოესი მოკავშირის თანამდებობიდან გადადგომა, საქმის დასახურად საკმარისი არ არის.
ვიქტორ ორბანს კატალის ნოვაკისა და იუდით ვარგას მიერ თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.