პრიგოჟინი სოლედარის დაკავებაზე იუწყება, უკრაინა მძიმე ვითარებაზე საუბრობს
ევგენი პრიგოჟინის თქმით, ვაგნერმა ბახმუტთან მდებარე სოლედარი დაიკავეს, თუმცა ქალაქში შექმნილ ვითარებაზე განსხვავებული ცნობები ვრცელდება.
პრიგოჟინის პრესსამსახურის მიერ 10 იანვარს გავრცელებული განცხადებაში ნათქვამია - "ვაგნერის დანაყოფება სრულად დაიკავეს სოლედარის ტერიტორია. ქალაქის ცენტრში უკრაინელები 'ქვაბში' მოვაქციეთ, აქ ბრძოლები გრძელდება".
ამავდროულად პრიგოჟინი ხაზგასმით ამბობს, რომ სოლედარში მხოლოდ და მხოლოდ ვაგნერის დანაყოფები მოქმედებენ და აქ არ არიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე, ვრცელდება პრიგოჟინის ფოტოები ბოევიკების გარემოცვაში, მოსალოდნელია, რომ ფოტო სოლედარში მდებარე, მარილის მომპოვებელ ერთ-ერთ მაღაროში.
უკრაინის ხელისუფლება სოლედარის დაკარგვას არ ადასტურებს. ტელეარხი CNN სოლედარში მებრძოლი ЗСУ-ს 46-ე ბრიგადის ერთ-ერთ მებრძოლს ესაუბრა. უკრაინელი მეომარის თქმით, ქალაქში კრიტიკული ვითარებაა, ხოლო დაღუპულების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ დათვლაც ჭირს.
სოლედარში შექმნილ ვითარებას აფასებს უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი, იური ბუტუსოვიც - მისი თქმით, უკრაინული დანაყოფები ალყაში არ მოქცეულან, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში სოლედარი-ბახმუტის ხაზზე შექმნილი ვითარება უკრაინის არმიისთვის საფრთხის შემცველი გახდა.
პრეზიდენტ ზელენსკის თავის ყოველდღიურ მიმართვაში სოლედარში შექმნილ მდგომარეობაზე არაფერი უთქვამს და ფრონტის ამ მონაკვეთზე მებრძოლი უკრაინული ბრიგადების მებრძოლების მადლობის გადახდით შემოიფარგლა.
კონტექსტი
სოლედართან და ბახმუტთან პოზიციები მოინახულა 8 იანვარს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ. სირკის თქმით, რუსებმა გასულ დღეებში რამდენჯერმე სცადეს სოლედარის შტურმი, თუმცა ყოველ ჯერზე უკან დაიხიეს.
მალევე გავრცელდა უკრაინის გენერალური შტაბისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებები, რომლის მიხედვითაც სოლედარში უმძიმესი ბრძოლები და ოკუპანტების იერიში კვლავ განახლდა.
6 იანვრიდან მოყოლებული რუსულ სამხედრო და ურა-პატრიოტულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება ცნობები, რომ ოკუპანტებმა სოლედართა ЗСУ-ს თავდაცვის ხაზის გარღვევა შეძლო. ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ვაგნერის ბოევიკებმა ქალაქის ცენტრისკენ წაიწიეს და ქარხანა Артемсоль-ის დაკავებაც შეძლეს.
უკრაინის გენერალური შტაბი სოლედართან ფრონტის ხაზის გარღვევას ამ დრომდე უარყოფს, თუმცა აღიარებდნენ, რომ ბახმუტთან საომარი მოქმედებების ინტენსივობის საგრძნობი შემცირების შემდეგ, ოკუპანტები ძირითადად სოლედარის მიმართულებაზე გადაერთნენ.
რამდენიმე დღის წინ Wall Street Journal წერდა, რომ სოლედარზე გადართვა ბახმუტთან ЗСУ-ს წარმატებული თავდაცვის შედეგია.
სოლედარში მძიმე ბრძოლების შესახებ განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანნა მალიარმაც. სხვადასხვა წყაროების ცნობით, სოლედართან რუსული დანაყოფები უმძიმეს დანაკარგებს განიცდიან.