პრიგოჟინი სოლედარზე: თავდაცვის სამინისტრო ცდილობს გამარჯვება მომპაროს
ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რეგულარული არმიის ნაწილებმა დაბა სოლედარი სრულად დაიკავეს.
პრიგოჟინის თქმით, სამინისტრო მუდმივად ცდილობს, მის კონტროლირებად ვაგნერს გამარჯვება მოპაროს და მათი მებრძოლების დამსახურებები დაამცროს.
"მუდმივად ცდილობენ გამარჯვება მოგვპარონ და ყვებიან ისტორიებს გაურკვეველი სამხედრო ნაწილების შესახებ, ოღონდ არ აღიარონ ვაგნერის მებრძოლების დამსახურებები",- წერს პრიგოჟინი.
გარდა ამისა, პრიგოჟინმა ვაგნერის მხარდამჭერებს მიმართა და მათ აქტიურობისკენ მოუწოდა - "ისინი (ვაგნერის მერბძოლები) არსებობენ და ასრულებენ თავიანთ მძიმე სამუშაოს, რათა რუსებს მშვიდად ეძინოთ."
პრიგოჟინი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ვაგნერის წინააღდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს და კორუმპირებული ჩინოვნიკები ცდილობენ, ვაგნერის სახელის მიჩქმალვას.
კონტექსტი
პრიგოჟინის განცხადება თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე დაპირისპირების გაგრძელებაა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
დაპირისპირება კიდევ უფრო მეტად ბოლო დღეებში გაღრმავდა - დღეს, 13 იანვარს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქ სოლედარის სრული კონტროლის შესახებ გამოაცხადა, თუმცა 11 იანვარს, მსგავსი შინაარსის განცხადება პრიგოჟინმა გააკეთა.
ამავე განცხადებაში, პრიგოჟინი ხაზგასმით ამბობდა, რომ ქალაქში მიმდინარე ბრძოლებში, მხოლოდ და მხოლოდ ვაგნერის მებრძოლები იყვნენ ჩართულები.