რუსული ბლიცკრიგი ჩავარდა, თუმცა ომი გრძელდება. რა უნდა ქნას უკრაინამ?
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომი ამ უკანასკნელისთვის აქამდე წარუმატებლად წარიმართა.
კრემლის გათვლა, რომ უკრაინის დედაქალაქამდე „ბლიცკრიგით“ ჩააღწევდნენ, ხოლო უკრაინის არმია და ხელისუფლება - საერთო დემორალიზაციის ფონზე - მნიშვნელოვან წინააღმდეგობას არ გაწევდა, ჩავარდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო თვალსაზრისით მრავალი კუთხით უპირატეს რუსულ არმიას წარმოუდგენელი საბრძოლო სულისკვეთების ფასად უმკლავდებიან. სამხედრო წრეების შეფასებით, უკრაინის გენშტაბი გამართული სტრატეგიით მოქმედებს და შეიარაღებული ძალების ნაწილების სარდლობას ეფექტიანად ახერხებს.
მიუხედავად ამისა, ომი კვლავ გრძელდება და როგორც ერთი გამოცდილი დამკვირვებელი წერს, „უარესი ჯერ კიდევ წინაა“. ამ ვითარებაში უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობას რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება მოუწიოთ.
პარასკევს რუსეთის არმიამ ე. წ. „ოპერაციული პაუზა“ აიღო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დიდ უკრაინულ ქალაქებზე - მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე - საჰაერო და საარტილერიო დარტყმები გაახშირა, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სიღრმეში შეჭრა შეანელეს (უმეტესად, უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის და დიდი მატერიალური და ადამიანური დანაკარგების გამო).
ამას ცხელი ომის ფაზაში პირველი დიპლომატიური არხის გაჭრა მოჰყვა. უკრაინული და რუსული დელეგაციები ერთმანეთს ბელარუს-უკრაინის საზღვართან შეხვდნენ. რუსული დელეგაციის შემადგენლობა (დაბალი რანგის ჩინოვნიკები) და კრემლის ულტიმატუმი გვაფიქრებინებს, რომ მასშტაბური სანქციების წნეხის მიუხედავად, რუსეთი ახლო მომავალში ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს.
საომარ თეატრზე განცდილი პირველადი მარცხის ფონზე, რუსეთის გენშტაბი, როგორც ჩანს, ტაქტიკის შეცვლას შეეძლება. სამხედრო ინტერვენცია აქამდე მცირემასშტაბიან ოპერაციას ჰგავდა. ომის პირველ დღეებში მოსკოვმა უკრაინის საზღვართან მობილიზებული ძალების მხოლოდ ნაწილი გამოიყენა. ამერიკული დაზვერვის ბოლო ინფორმაციით, ვითარება იცვლება - გუშინ უკრაინაში საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი რუსული ძალების 75 პროცენტი იმყოფებოდა.
თუ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ოპერაციის მსვლელობას მართლაც შეცვლის, უკრაინა კიდევ უფრო ინტენსიური საჰაერო და საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცევა. ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად შეძლებენ საოკუპაციო ძალების მსხვილი ფორმაციები უკრაინის სიღრმეში გადაადგილებას. ბოლო დღეები გვიჩვენებს, რომ საოკუპაციო ძალები ქაოტურად მოძრაობენ, არ აქვთ ლოჯისტიკური და საზენიტო მხარდაჭერა - ამ ფაქტორებს უკრაინა მათ გასანადგურებლად წარმატებით იყენებს.
ნათელია, რომ რაოდენობრივი და ხარისხობრივი უპირატესობის ხარჯზე რუსეთის არმიამ უკრაინის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა მოახერხა. საოკუპაციო ძალებმა ანექსირებული ყირიმიდან აღმოსავლეთით - დონბასამდე - სახმელეთო ხიდის გადება შეძლეს. ახლა რუსეთის სტრატეგიულ ამოცანას ხარკოვი-დნიპრო-მელიტოპოლი ხაზის აღმოსავლეთით მობილიზებული უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა და დანარჩენი სარდლობისგან მოწყვეტა წარმოადგენს.
მომდევნო 24-48 საათი, სამხედრო თვალსაზრისით, გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს, ამბობს გენერალ-მაიორი მიკ რაიანი. უკრაინის გენშტაბს, რომელმაც აქამდე დასმულ ამოცანებს შესაშურად გაართვა თავი, ახლა სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს - წერს რაიანი.
#1 სტრატეგიული უკან დახევა
რუსული სამხედრო ინტერვენციის გაცხადებულ მიზანს უკრაინის „დემილიტარიზაცია“ წარმოადგენს. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის რეგულარულმა არმიამ საბრძოლო პოტენციალი შეინარჩუნოს. აღმოსავლეთ ფრონტზე რუსული საოკუპაციო ძალების მასობრივი შემოდინების და ტერიტორიული წინსვლის გამო უკრაინულ ძალებს შესაძლოა გადაჯგუფება და დასავლეთ უკრაინისკენ უკან დახევა მოუწიოთ. აღნიშნული უკრაინის გენშტაბისთვის შესაძლოა პოლიტიკურად რთული გადაწყვეტილება აღმოჩნდეს - თუმცა აუცილებელი.
#2 სასიცოცხლო ხაზი - დასავლეთ საზღვარი
ბოლო დღეებში უკრაინის მიმართ უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა ვიხილეთ. დასავლურმა ქვეყნებმა კიევს მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანიტარული დამხარება აღუთქვეს. იმ ფონზე, როცა შავ ზღვაში რუსული ფლოტი დომინირებს, რომელიც უკრაინის ბლოკადას ეცდება, დახმარების შეტანა უკრაინის დასავლეთ, სახმელეთო საზღვრიდანაა შესაძლებელი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღნიშნული მიმართულების გამაგრება და დასავლური დახმარების უსაფრთხოდ შემოტანა უნდა უზრუნველყონ.
#3 ავიაციის გახიზვნა
როგორც ბრიტანელი სამხედრო ექსპერტი, ჯასტინ ბრონკი წერს, რუსულ სამხედრო ოპერაციაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლადი უცნობი რჩება - როდის დაიწყებს რუსეთი საჰაერო-კოსმოსური ძალების (ВКС) ინტენსიურად გამოყენებას. მტკიცების მიუხედავად, რუსეთმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მწყობრიდან გამოყვანა ვერ შეძლო, რაც რუსული ავიაციის დანაკარგებში ნათლად ჩანს. თუმცა, თუ რუსეთის გენშტაბი მართლაც სრულმასშტაბიანი კონვენციური ომის ტაქტიკას აირჩევს, რუსული საჰაერო ძალების ინტენსიურ გამოყენებას უნდა ველოდოთ. ავიაციის სფეროში რუსეთის წარმოუდგენელი რაოდენობრივი უპირატესობის ფონზე უკრაინას შემდეგი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მოუწიოს - ომში ჩართული საჰაერო ძალის ბოლომდე გამოყენება - ან ავიაციის დროებით მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე (სავარაუდოდ, ნატოს) გადასროლა, რაც კიევს საბრძოლო პოტენციალის შენარჩუნების საშუალებას მისცემს.