რუსეთი არტილერიაში დანაკარგებს 1950 წელს გამოშვებული ჰაუბიცებით ავსებს

OSINT-პროექტი Highmarsed-ის მიხედვით, რუსეთი, საარტილერიო დანადგარების დეფიციტის შესავსებად, 1949-50 წლებში გამოშვებულ საბჭოთა M-46-ის ტიპის ჰაუბიცებს აგზავნის. 50-იან წლებში წარმოებული ჰაუბიცების კონსერვაციიდან მოხსნა მეტყველებს რუსების მძიმე დანაკარგზე არტილერიაში.

პროექტი Oryx-ის მიხედვით, რომელიც ომის მსვლელობის დროს გამოქვეყნებული ვიდეო/ფოტო მასალების მიხედვით რუსეთის ტექნიკის დანაკარგებს ითვლის, უკრაინელებმა ომის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 1400 საარტილერიო დანადგარი გაანადგურეს, მაშინ, როცა, რუსეთს, სრულმასშტაბიან შეჭრამდე, 5000 სხვადასხვა სახის საარტილერიო დანადგარი გააჩნდა.

აღსანიშნავია ის, რომ მსგავსი საარტილერიო დანადგარების მასიურად გამოყენება გაზრდის რუსეთის დამოკიდებულებას ირანსა და ჩრდილოეთ კორეაზე, რადგანაც, M-46-ის ტიპის ჰაუბიცებისთვის საჭირო 130 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს მხოლოდ ეს ორი ქვეყანა აწარმოებს.

Forbes-ის მიხედვით, საზღვარგარეთიდან საბრძოლო მასალის მიწოდებაზე დამოკიდებულება არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია 1950 წელს გამოშვებულ იარაღთან.

საბრძოლო ტექნიკის მასიური დანაკარგების გამო, მათ შორის სატვირთო მანქანებსა და საარტილერიო ჭურვების/დანადგარების გადამზიდ ტრანსპორტში, რუსმა სამხედროებმა მოწინავე დანაყოფების მომარაგება მაღალი გამავლობის მანქანებითა და მოტოციკლებით დაიწყეს, თუმცა, საქმე ისაა, რომ მათ არ შეუძლიათ 8.5 ტონიანი ჰაუბიცების პოზიციებზე ბუქსირით მიყვანა, მითუმეტეს, როდესაც, ფრონტის ხაზის სიგრძე 1200 კმ-ია.

კონტექსტი

გამომცემლობა The Economists, სადაზვერვო ინფორმაციებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის არმიას სწრაფად ეწურება საბჭოთა წარმოების სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, ხოლო დასავლური სანქციების გათვალისწინებით ახალი შეიარაღების წარმოების მასშტაბური ზრდა ან ძველის რემონტის შესაძლებლობები შეზღუდულია.

დასავლური დაზვერვების ცნობით, სრულმასშტაბიანი ომის პირველი 2 წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში 3 ათასამდე ტანკი და 5 ათასამდე სხვა ჯავშანტექნიკა დაკარგა.

მსგავსი სიახლეები