რუსეთი უკრაინის საზღვრის სიახლოვიდან 10 000-მდე სამხედროს გამოყვანას აპირებს

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საზღვართან მობილიზებული ათი ათასამდე სამხედრო მუდმივი დისლოცირების ადგილებს დაუბრუნდება.

უწყების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში ჩატარებულ წვრთნებში მონაწილეობდნენ.

ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის საზღვრის მიდამოებში რუსეთმა უპრეცედენტო რაოდენობის სამხედრო ტექნიკას და ადამიანურ რესურსს მოუყარა თავი.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ამჟამად ქვეყნის საზღვრებთან 104 000-მდე რუსი სამხედროა მობილიზებული.

 


დასავლური სადაზვერვო სამსახურების ვარაუდით, კრემლმა შესაძლოა მომავალი წლის დასაწყისში უკრაინაში ხელახალი სამხედრო ინტერვენცია სცადოს. 

17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოთხოვნების ვრცელი სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კრემლი დასავლეთს ნატოს გაფართოებაზე უარის თქმას და, ფაქტობრივად, პოსტ-საბჭოთა სივრცის რუსეთის გავლენის სფეროდ დაკანონებას სთხოვს.

ვაშინგტონსა და ბრიუსელში აცხადებენ, რომ რუსეთის მოთხოვნები დასავლურ ღირებულებებთან შეუთავსებელია, თუმცა დიალოგს, როგორც ვითარების დეესკალაციას საშუალებას, მაინც განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები