რუსეთის ბიუჯეტის მესამედზე მეტი ომზე იხარჯება - Reuters
2023 წლის პირველ ექვს თვეში რუსეთმა სამხედრო საჭიროებებზე 5.59 ტრილიონი რუბლი დახარჯა, რაც მთელი სახელმწიფო ხარჯების 37%-ზე მეტია. ამ ინფორმაციას 4 აგვისტოს Reuters რუსეთის მთავრობის ანონიმურ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის ჯამურმა ხარჯებმა ამ პერიოდში 14.97 ტრილიონი რუბლი შეადგინა.
Reuters აღნიშნავს, რომ თავდაპირველად თავდაცვისთვის 4.98 ტრილიონი რუბლი იყო გამოყოფილი. ამრიგად, 2023 წლის პირველ ექვს თვეში რუსეთმა ომზე უკვე 600 მილიარდით მეტი დახარჯა, ვიდრე მთელი წლისთვის იყო თავდაპირველად დაგეგმილი, ანუ 2023 წლის დაგეგმილი ჯამური ხარჯების დაახლოებით 20%.
ახალი გათვლებით, რომლებიც ასევე წარმოდგენილი იყო დოკუმენტში, რუსეთი 2023 წელს ომზე 9.7 ტრილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავს, რაც მთლიანი სავარაუდო წლიური ხარჯების (29.05 ტრილიონი რუბლი) დაახლოებით მესამედს შეადგენს.
რუსეთის ხელისუფლება ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.