რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: წვრთნები დასრულდა, სამხედროები ბრუნდებიან

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქებში მიმდინარე სამხედრო წვრთნების ნაწილი დასრულებულია და ადგილზე მობილიზებული სამხედროები მუდმივი დისლოკაციის წერტილებში ბრუნდებიან. 

"საბრძოლო მზადყოფნის ღონისძიებების დასრულებასთან ერთად, როგორც ყოველთვის, სამხედრო ნაწილები განახორციელებენ კომბინირებულ მარშს მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე",- განაცხადა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.

კონაშენკოვის განცხადებას წინ უძღოდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც შოიგუმ განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნების დიდი ნაწილი უახლოეს დღეებში დასრულდებოდა და სამხედროები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდებოდნენ. 

ამავე შეხვედრაზე დასავლეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც. პუტინის მიერ დასმულ შეკითხვაზე ლავრვოვმა უპასუხა, რომ დასავლეთთან მოლაპარაკების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. 

მოგვიანებით გავრცელდა კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებაც იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებისთვის მზად არის

ამასთანავე, დღეს ვლადიმირ პუტინს ეწვევა კიევიდან ჩასული გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. 

დღესვე რუსეთის სახელმწიფო დუმა განიხილავს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ დარეგისტრირებულ ორ კანონპროექტს

 

მსგავსი სიახლეები