რუსეთმა ვერ გამოიყენა პაუზა უკრაინის დახმარებაში სერიოზული მიღწებისთვის - Bloomberg
რუსეთის არმიამ ვერ შეძლო სერიოზული წინსვლა ფრონტის ხაზზე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ყველაზე რთულ მომენტში - როდესაც დასავლეთის ახალი შეიარაღების გადაცემა რამდენიმე თვით შეჩერებული იყო.
ახლა კი, როდესაც კიევი კვლავ მნიშვნელოვანი მოცულობებით იღებს დასავლურ შეიარაღებას რუსეთისთვის შესაძლებლობების ფანჯარა იხურება.
ამის შესახებ Bloomberg წერს.
გასულ თვეებში რუსეთის არმიის წინსვლას ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებზე მასალის ავტორები მოკრძალებულს უწოდებენ და წერენ, რომ ფრონტის გარღვევის შანსები მცირდება.
გამოცემა წერს, რომ 10 მაისს საოკუპაციო არმიის მიერ ხარკივის მიმართულებით ახალი ფრონტის გახსნამ ვერ მიაღწია პუტინის მიერ დასახულ ოფიციალურ მიზანს - ე.წ. სანიტარული კორდონის შექმნას ბელგოროდის ირგვლივ.
რუსეთის ყველაზე დიდ წარმატებად გამოცემა თებერვალში ქალაქ ავდიივკის დაკავებას ასახელებს და ხაზს უსვამს, რომ პროცესში რუსეთმა უმძიმესი დანაკარგები განიცადა.
ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ჩასოვ იარის ბრძოლაზე - პატარა ქალაქი ბახმუტის შემოგარენში, რომლის დაკავებასაც რუსეთის არმია უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს.
მოსკოვის სტრატეგიების ანალიზისა და ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი, რუსლან პუხოვი ამბობს, რომ კრემლის მიერ არჩეული ЗСУ-ს გამოფიტვის სტრატეგია ძვირი უჯდება მოსკოვსაც. რუსი ექსპერტის თქმით, პროცესმა შესაძლოა ძლიერ გამოფიტოს რუსეთის არმია, რაც უკრაინელებს კონტრიერიშის შანსს მისცემს.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტუტის მკვლევარი, ბენ ბარი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის არმიის ხარისხობრივ დეგრადაციაზე - ექსპერტის თქმით, რუსეთმა დაკარგა ყველაზე ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცები, ოფიცრები და მოწინავე ჯავშანტექნიკა და ამჟამად მას არ შეუძლია მასშტაბური, ფრონტის ღრმა გარღვევაზე ორიენტირებული გაერთიანებული საჯარისო ოპერაციების წარმოება.