რუსული ნავთობის ფასი ბოლო 3 წლის მაქსიმუმს გაუტოლდა
რუსული წარმოების Urals-ის მარკის ნავთობის ფასი გასულ წელს პროგნოზირებულზე მეტად გაიზარდა. 2021 წელს რუსული წარმოების ნავთობის საშუალო ფასმა 69 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2020 წლის მიწურულს რუსეთის ცენტრალური ბანკი პროგნოზირებდა, რომ რუსულ ნავთობზე საშუალო წლიური ფასი დაახლოებით 45 დოლარი იქნებოდა, თუმცა გლობალური ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ენერგომატარებლებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ნავთობი გაცილებით უფრო მეტად გაძვირდა.
ზრდა განსაკუთრებით შთამბეჭდავია 2020 წელთან შედარებით, როდესაც მთელ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულად შემცირდა. მაშინ რუსული ნავთობის ფასი ბოლო 20 წლის მინიმუმამდე შემცირდა.
ევროპაში ენერგომატარებლებზე რეკორდულად გაზრდილი ფასის გამო, მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში რუსული სახელმწიფო კომპანიის, გაზპრომის მოგებამ რეკორდული 1.5 ტრილიონი რუბლი [$1.9 მილიარდი] შეადგინა. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წლის მეოთხე კვარტალი უფრო მომგებიანი იქნება.
მიმდინარე 9 თვის მოგება უფრო მეტია, ვიდრე კომპანიის წლიური მოგება მისი არსებობის ისტორიაში. მაგალითად, გასულ წელს გაზპრომის ზარალმა დაახლოებით 200 მილიარდი რუბლი შეადგინა.
ევროპულ ბაზარზე რუსული გაზის ექსპორტის საშუალო ფასი 100 კუბურ მეტრზე 304 დოლარს გაუტოლდა, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
საინტერესოა, რომ ევროპაში გაზის გაყიდვით მიღებული სუფთა მოგება წლიურად 117%-ით არის გაზრდილი. გაზპრომში ამბობენ, რომ ამ დროისთვის ევროპული გაზის მოთხოვნის 53%-ს აკონტროლებენ.