სად არის ცინ განგი - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 3 კვირაა არ გამოჩენილა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სი ძინფინგის ფავორიტი, ცინ განგი, რომელიც თანამდებობაზე გასული წლის ოქტომბერში, პარტიის მეოცე ყრილობაზე დაინიშნა, 3 კვირაა სამსახურში არ გამოჩენილა. 

მინისტრის გაუჩინარების შესახებ გავრცელებულ ერთადერთ განცხადებაში უწყება განგის ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემებზე საუბრობს. გასული 3 კვირის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე მაღალი დონის ღონისძიება გამოტოვა. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არყოფნა განსაკუთრებით შეიმჩნეოდა გასულ კვირას, ინდონეზიაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე - განგი ღონისძიებაზე ამერიკელ კოლეგას, ენტონი ბლინკენს უნდა შეხვედროდა. 

ღონისძიება ცინ განგი მისმა წინამორბედმა და ამჟამად ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრმა, ვან იმ ჩაანაცვლა. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ვან იმ კოლეგის არყოფნა ბლინკენს ჯანრმთელობის პრობლემებით აუხსნა. 

ჯერჯერობით უცნობია როდის შედგება ცინ განგის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტაბებში, რასაც ბლინკენის ჩინეთში ვიზიტის დროს დათანხმდა. 

მინისტრის გაუჩინარებს შესახებ დასმულ კითხვებს არ უპასუხა სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ვაშინგტონში, რომელსაც ამის შესახებ ასპენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე ჰკითხეს. 

ცინ განგი საჯაროდ ბოლოს 25 ივნისს, შრი-ლანკისა და ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს გამოჩნდა. ამავე დღეს ცინ განგმა მიიღო სერგეი ლავროვის მოადგილე, ანდრეი რუდენკო. 

ცინ განგი 10 ივლისს პეკინში უნდა შეხვედროდა ევროკავშირიის დიპლომატიის ხელმძღვანელს, თუმცა ჩინურმა მხარემ ვიზიტი დაწყებამდე 5 დღით ადრე გააუქმა. 

ცინ განგი არ გამოჩენილა ივლისს დასაწყისში აშშ-ს ხაზინის უფროსის, ჯანეტ იელენის ვიზიტის დროსა, რომელიც ივლისის დასაწყისში შედგა. ცინ განგმა ასევე გამოტოვა კლიმატის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენლის, ჯონ კერის ვიზიტიც. 

კონტექსტი 

ცინ განგი წლების განმავლობაში სი ძინფინგის თანაშემწედ მუშაობდა და მიიჩნეოდა, რომ თავმჯდომარის გარემოცვის უახლოესი წევრია. ამაზე მეტყველებს ცინ განგის კარიერაც - ამერიკის შეერთებულ შტაბებში ელჩობიდან 2 წლის შემდეგ ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამ პოსტზე ძირითადად დიდი გამოცდილების მქონე დიპლომატები ინიშნებიან. 

ჩინეთის ჩაკეტილ პოლიტიკურ სისტემაში ჯანმრთელობას დაკავშირებული პრობლემები ამა თუ იმ ფიგურის გაუჩინარების მიზეზად ხშირად სახელდება. 

საყურადღებოა, რომ ცინ განგის გაუჩინარება აშშ-ს და ჩინეთს შორის გაზრდილი დიპლომატიური ჩართულობის და კავშირების ნორმალიზაციის მცდელობას დაემთხვა. 

ჩინეთის სადაზვერვო საჰაერო ბუშტის სკანდალის შემდეგ აშშ და ჩინეთი ურთიერთობების სტაბილიზაციას ცდილობენ. 

 

 

მსგავსი სიახლეები