საფრანგეთის სენატმა მაკრონის საპენსიო რეფორმას მხარი დაუჭირა
საფრანგეთში სენატმა მხარი დაუჭირა საპენსიო რეფორმის პროექტს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს საპენსიო ასაკის ეტაპობრივ ზრდას 62-დან 64 წლამდე. 12 მარტის ღამეს, ამ ინიციატივას მხარი 195-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 112 იყო.
"ასობით საათის დებატების შემდეგ, სენატმა მიიღო საპენსიო რეფორმის გეგმა. ეს არის გადამწყვეტი ეტაპი იმ რეფორმის დასასრულებლად, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი პენსიების უსაფრთხოებას მომავალში", - დაწერა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელისაბედ ბორნმა.
15 მარტს რეფორმის პროექტმა საფრანგეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის წარმომადგენლებისგან შემდგარმა გაერთიანებულმა კომიტეტმა უნდა განიხილოს. თუ კომიტეტი ამ დოკუმენტს დაამტკიცებს, მას 16 მარტს ორივე პალატაში უყრიან კენჭს.
საპროტესტო აქციები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ
11 მარტს საფრანგეთში კიდევ ერთხელ გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქციები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასში მონაწილეობა 368 000-მა ადამიანმა მიიღო. იმავდროულად, პროფკავშირების ცნობით, დემონსტრაციებს მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.
საპროტესტო აქციებმა პოლიციასთან სერიოზული შეტაკებების გარეშე ჩაიარა.
საპენსიო რეფორმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. იგი გულისხმობს საპენსიო ასაკის თანდათან მატებას 62-დან 64 წლამდე, ასევე იმ მინიმალური პერიოდის 43 წლამდე გაზრდას, რომლის განმავლობაშიც შენატანები უნდა გაკეთდეს პენსიის სრულად მისაღებად.
პროფკავშირები საპენსიო რეფორმას უსამართლოდ და გაუმართლებლად ხისტად მიიჩნევენ და ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ.
BFMTV-ის მიერ შაბათს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ფრანგების 63% რეფორმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს მხარს უჭერს, ხოლო 54% - გაფიცვებს და ზოგიერთი სექტორის ბლოკირებას.